ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ინიციატივით და ორგანიზებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2022 წლის 28-29 ნოემბერს, საქართველოში საფერავის მესამე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება.
საფერავს მსოფლიოს წამყვანი ღვინის ექსპერტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, დიდ საერთაშორისო ასპარეზზე. საფერავის ცნობადობა გასცდა საქართველოს ფარგლებს, ვენახები შენდება და ღვინო იწარმოება ევროპის ქვეყნებში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და აშშ-ში.
საფერავის საერთაშრისო კონკურსი პირველად 2018 წელს სწორედ საფერავისა და მისგან წარმოებული მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლების მიზნით ჩატარდა.
წინა წლების კონკურსებში გამარჯვებული ღვინოები არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე იქნა წარდგენილი დიდი წარმატებით.
საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს საერთაშორისო დონის ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი ენდრიუ ჯეფორდი იქნება.
კონკურსზე შესაძლებელია წარდგენილ იქნას 100%-ით საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო, ან კანონმდებლობით დასაშვები 15%-მდე სხვა წითელი ჯიშის ყურძნის საფერავში შერევით წარმოებული ღვინო, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან.
ნიმუშების მიღება დაიწყება 17 ოქტომბერს და გაგრძელდება 21 ოქტომბრის ჩათვლით, 13:00-დან 17:00 საათამდე, ასოციაციის ოფისში.
კონკურსის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
რეგისტრაცია: გაიარე რეგისტრაცია