თეთრი
წითელი
ჯაჭვაძისეული
ჯაჭვაძისეული ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ კახეთიდან. მისგან იწარმოება მშრალი სუფრის წითელი ღვინო. ჯაჭვაძისეულს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს. სუსტ გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ. შეიძლება გამოყენებულ იქნეს საბრენდე სპირტის დასამზადებლად. საკოლექციო ჯიში.
ხროგი
ხროგი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ რაჭიდან. მისგან იწარმოება ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინოები. ხროგს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და საშუალო მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის დასაწყისში. საშუალო გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.
ხოტეურა
ხოტეურა ყურძენი ადგილობრივი ვაზის ჯიშია რაჭიდან. მისგან იწარმოება საშუალო ხარისხის სუფრის წითელი ღვინო, მსუბუქი, ცოცხალი გემოთი. ხოტეურას ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და საშუალო მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებიდან. ძალიან ზიანდება სოკოვანი დაავადებებით. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.
ჭუმუტა
ჭუმუტა ყურძენი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ გურიიდან. მისგან წარმოებული ღვინო ხასიათდება სპეციფიკური, ლამაზი, ღია წითელი შეფერვით, დიდი სხეულით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, ჰარმონიულობითა და კარგი გემოთი. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ მგრძნობიარეა, განსაკუთრებით ძლიერად ზიანდება ჭრაქით. საკოლექციო ჯიში.
ჭოდი
ჭოდი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ აჭარიდან. მისგან მზადდება ადგილობრივი მოხმარების საკმაოდ ხარისხიანი სუფრის წითელი ღვინო. გამოიყენება აგრეთვე ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძნად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. ძლიერად ზიანდება ჭრაქით. აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის. საკოლექციო ჯიში.
წითლანი
წითლანი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ გურიიდან. მისგან იწარმოება ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღვინო, საკმაოდ სასიამოვნო, მომატებული, მაგრამ სასიამოვნო მჟავიანობით. ძალიან საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა.ძლიერ ზიანდება ჭრაქით. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.
ძველი ალექსანდროული
ძველი ალექსანდროული ადგილობრივი საღვინე ვაზის ჯიშია რაჭა-ლეჩხუმიდან. ძველ ალექსანდროულს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება. მოსავლიანობა არარეგულარულია და დამოკიდებულია დამტვერვის პირობებზე. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს. სუსტ გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.
ძელშავი
ძელშავი ადგილობრივი მცირედგავრცელებული ვაზის ჯიშია, იმერეთიდან. შუა იმერეთში მისგან ღია წითელი ან მოვარდისფრო ნაკლებ სხეულიანი, მაგრამ ენერგიული და ხალისიანი ღვინო დგება. ზემო იმერეთსა და რაჭაში ის უფრო თხელი და ნაკლებშინაარსიანია, ამიტომ მიმართავენ კუპაჟს მგალობლიშვილთან, ოცხანურ საფერესთან და ა.შ. უკეთესი ხარისხის მასალას ძელშავი ცქრიალა ღვინისათვის იძლევა – ამ წესით დაყენებული ღვინო ღია ჩალისფერია, მსუბუქი და საკმაო ხალისიანი. შედარებით კარგად უძლებს ნაცარს, მაგრამ ადვილად აზიანებს ჭრაქი. მიეკუთვნება საგვიანო სიმწიფის ჯიშებს. ხასიათდება ძლიერი ზრდით.
ჩხავერი
გურიის აბორიგენულ ვაზის ჯიშებს შორის ჩხავერი ძველთაგანვე ცნობილია, როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში. აღმოსავლეთ გურიის ზოგიერთ სოფელში (ხიდისთავი, იანოული, ბურნათი, საჭამიასერი) ჩხავერი ცნობილია აგრეთვე “ჩხაველის”- სახელწოდებით.
ჩხავერი მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ჯიშია სუფრისა და ცქრიალა ღვინოების მისაღებად. ჩხავერის ღვინო ღია ვარდისფერია, ნაზი და ჰარმონიული, დამახასიათებელი ჯიშური არომატით, ალკოჰოლსა და სიმჟავის ნორმალური თანაფარდობით, ატმისა და თეთრი ხილის სურნელებით, სადაც სიტკბო და სირბილე სასიოამოვნო სიმჟავეს ერწყმის. ალკოჰოლის შემცველობაა 11-12%.
ადვილად ავადდება ჭრაქითა და ნაცრით. ყურძენი მწიფდება ნოემბრის პირველ ნახევარში – მიეკუთვნება ძლიან საგვიანო სიმწიფის ჯგუფს. რქა სრულად მწიფდება. ვაზზე დატოვებული ყურძენი დაუჭკნობლად ძლებს დეკემბრამდე, დაკრეფილი კი ადრე გაზაფხულამდე ინახება. საუკეთესო ჩხავერი დგება სოფლებში საჭამიასერი, ბუკისციხე, ასკანა, ბახვი, ოცხანა, შემოქმედი (ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები) და სხვ. წარმოადგენს ლოკალურად გავრცელებულ ჯიშს.
შავკაპიტო
შავკაპიტო, ქართლის აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. შავკაპიტოს შიდა ქართლის თითქმის ყველა რაიონშია გავრცელებული. მისგან იწარმოება კარგი ხარისხის სუფრის წითელი ღვინო, რომელიც გამოირჩევა ლამაზი შეფერილობით, სასიამოვნო ჯიშური არომატით, ალკოჰოლისა და მჟავის ნორმალური შემცველობით – ანუ ყველა იმ თვისებით, რაც დამახასიათებელია სუფრის და ცქრიალა ღვინოებისათვის. ქვევრის ღვინო მცენარეული და კენკრის (მაგალითად, მწიფე შინდის) ტონებით ხასიათდება. ყურძენს სხვა ჯიშებთან ერთადაც აკუპაჟებენ. საშუალო ზრდის სიძლიერის. ჭრაქისა და ნაცრის მიმართ ახასიათებს საშუალო ხარისხის გამძლეობა, რასაც ვერ ავლენს ფილოქსერის მიმართ. დღეს, ის ლოკალურად, მცირედ გავრცელებული ჯიშია.
ყვირა
ყვირა ყურძენი ადგილობრივი საღვინე ვაზის ჯიშია რაჭა-ლეჩხუმიდან. ყვირას ახასიათებს ძლიერი ზრდა-განვითარება და საშუალო მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს. სუსტ გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.
ღვანურა
ღვანურა ადგილობრივი ვაზის ჯიშია აჭარიდან. მისგან იწარმოება ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო. გამოიყენება სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შერევით. ცალკე დაყენებული ღვინო დაბალი ხარისხისაა. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო, ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სოკოვანი დაავადებების მიმართ მგრძნობიარეა. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.
ქორქაულა
ქორქაულა ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ აჭარიდან. წარმოადგენს ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენს, ინახება მთელი ზამთრის განმავლობაში. აწარმოებდნენ სუფრის წითელ ღვინოს. ძალზე საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ნაკლებად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით, განსაკუთრებით ჭრაქითა. უცილებლად გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.
ქველოური
ქველოური ყურძენი ადგილობრივი ვაზის ჯიშია იმერეთიდან, მისგან სუფრის წითელი ღვინო იწარმოება. საშუალო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად გამძლეა. საკოლექციო ჯიში.
ქართნულა
ქართნულა ყურძენი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ ქართლიდან. მისგან ამზადებენ ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღვინოს. სოკოვან დაავადებათა და მავნებელთა მიმართ საშუალო გამძლეობას იჩენს. შედარებით მგრძნობიარეა ნაცრის მიმართ. საკოლექციო ჯიში.
უსახელოური
უსახელოური ადგილობრივი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია ცაგერის რაიონში, ძირითადად ზუბი-ოყურეშის მიკროუბანში და იძლევა მაღალი ხარისხის ბუნებრივად ნახევრადტკბილ და სუფრის წითელ ღვინოს. ადგილობრივ მევენახეთა შორის, უფრო ხშირად ამბროლაურის და ონის რაიონში, უსახელოური ცნობილია აგრეთვე ოყურეშულის სახელწოდებითაც. უსახელოური კულტურულ ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოშობის ადგილობრივი კერიდან არის წარმოქმნილი.
უსახელოურის ყურძენი ძირითადად მიდის ბუნებრივად ნახევრადტკბილი წითელი ღვინის დასაყენებლად, თუმცა ასევე იძლევა მაღალი ღირსების სუფრის წითელ ღვინოს, რომელიც ხასიათდება ინტენსიური შეფერვით – ლამაზი ლალისფერი და მწიფე ბროწეულის ფერით, ჯიშური არომატით, სასიამოვნო სიტკბოთი, საკმაო სხეულით და ჰარმონიული გემოთი. საქართველოს ღვინის კომპანიები ასხავენ უსახელოურის ჯიშურ ღვინოს.
სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეობა არადამაკმაყოფილებელია, თუმცა ნაცრის მიმართ საკმაოდ გამძლეა. ადვილად ზიანდება ყურძნის ჭიისაგან. ფილოქსერის მიმართაც მისი გამძლეობა სუსტია. სხვა ჯიშებზე მეტად ზიანდება გაზაფხულის წაყინვებისაგან. საშუალო ზრდისაა. მაღალი ღირსების ღვინოს იძლევა მთის ფერდობებზე, ქვეთიხნარ ხირხატ, კირით მდიდარ ნიადაგებზე. ყურძენი ლეჩხუმში სექტემბრის ბოლოს მწიფდება.
ტაგიძურა
ტაგიძურა ადგილობრივი საღვინე ვაზის ჯიშია აჭარიდან. ნაყოფი გამოიყენება აგრეთვე ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძნად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი ძლიერი ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად გამძლეა, განსაკუთრებით ადვილად ზიანდება ჭრაქით. საკოლექციო ჯიში.
სხილთაუბანი
სხილათუბანი ძველ დროიდანვე ცნობილი გურიის წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. წარსულში იგი ფართოდ ყოფილა გავრცელებული მაღლარად განსაკუთრებით აღმოსავლეთ გურიის რაიონებში, რომლის პროდუქციას ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა ხარისხოვანი წითელი სუფრის ღვინის დასაყენებლად. ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით, ალკოჰოლისა (10,6-11,8%) და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, კარგი სხეულითა და ჰარმონიულობით.
საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად გამძლეა, განსაკუთრებით ზიანდება ნაცრით.
სიმონასეული
სიმონასეული ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ კახეთიდან; იძლევა მაღალი ხარისხის სუფრის წითელ ღვინოს, რომელსაც აქვს ინტენსიური შეფერვა, საშუალო სხეული, ჰარმონიული გემო და ჯიშური არომატი. კახურ წითელყურძნიან ჯიშებს შორის სიმონასეულის ღვინოს საფერავის შემდეგ ხარისხით პირველი ადგილი უკავია. ის საშუალოზე უკეთ უძლებს ჭრაქს და ნაცარს, ასევე ზამთრის ყინვას. საკოლექციო ჯიში.
საფერავი
საფერავი საქართველოს სტანდარტული, ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია, იგი ერთ_ერთი საუკეთესო წარმომადგენელია ვაზის წითელი ჯიშების მსოფლიო ასორტიმენტისა. განსაკუთრებით მაღალი ღირსების სუფრის წითელ ღვინოს საფერავი იძლევა თავის სამშობლოში, კახეთში.
საუკეთესო მასალას იძლევა ყველა ტიპის ღვინისათვის. მას აქვს ინტენსიური მუქი ბროწეულის ფერი, ზომიერი სიმაგრე, ენერგია, სისრულე და სიხალისე, აგრეთვე თავისებური ჯიშური არომატი და ძლიერი ბუკეტი. შედარებით უფრო რბილი, სრულ ჰარმონიული, ხავერდოვანი ღვინოები დგება ალაზნის მარცხენა მხარეს, კავკასიონის მთისწინა ზოლში, საშუალო ჩონჩხიან ალუვიურ-კარბონატულ და ალუვიურ- არაკარბონატულ ნიადაგებზე. ადგილობრივი, კახური ტიპის საუკეთესო, სხეულით მეტად მდიდარ, სრულ წითელ ღვინოებს საფერავი იძლევა სოფლების კარდანახისა და ბაკურციხის მიდამოებში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) ძირითადად ყავისფერ და მუქ ყავისფერ ტყის ნიადაგებზე.
ჭრაქსა და ნაცარს საფერავი შედარებით კარგად უძლებს. ფილოქსერის მიმართ სუსტ გამძლეობას ამჟღავნებს და პირველ რიგში მისგან ზიანდება. ახასიათებს მიდრეკილება ჭარბი ყვავილცვენისაკენ. ყინვას შედარებით კარგად უძლებს, თუმცა რქაწითელთან და მწვანე კახურთან შედარებით ნაკლებ ყინვაგამძლეა.
საფერავი ბუდეშურისებური
საფერავი ბუდეშურისებური ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ კახეთიდან, სინონიმებია: საფერავი ბუდეშური, გრძელმარცვალა საფერავი. მისგან იწარმოება მაღალხარისხიანი სუფრის წითელი ღვინო. სავარაუდოდ საფერავი ბუდეშურისებური წარმოადგენს საფერავის ჯიშის ერთ-ერთ ვარიაციას. საფერავისაგან განსხვავებით, მარცვალი უფრო მოგრძო აქვს და ადრე მწიფდება. ახასიათებს საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდა-განვითარება. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებიდან. შედარებით გამძლეა ზამთრის ყინვებისა და სოკოვან დაავადებათა მიმართ. მცირედ გავრცელებული ჯიში.
რცხილი
რცხილი ადგილობრივი ვაზის ჯიშია რაჭა-ლეჩხუმიდან, მისი სინომიმებია: რცხილა, შავრცხილა. იწარმოება ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღვინო, გამჭვირვალე, ბაცი წითელი (ბროწეულისფერი), სასიამოვნო, რბილი, ცოცხალი გემოსი. რცხილს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და საშუალო მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს. ძალიან სუსტ გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ. საკოლექციო ჯიში.
პარტალა შავი
პარტალა შავი ადგილობრივი ვაზის ჯიშია ქართლიდან. მისგან იწარმოება სუფრის ხარისხოვანი, ინტენსიური შეფერვის ღვინო. საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა. ნაცრისა და აბლაბუდიანი ტკიპისადმი უფრო გამძლეა, ჭრაქისადმი მეტად მგრძნობიარეა. უხვმოსავლიანი ჯიშია. მცირედ გავრცელებული იყო მცხეთის რაიონში, გლდანსა და ავჭალაში. საკოლექციო ჯიში.
რკო შავი
რკო შავი ყურძენი ადგილობრივი, ვაზის ჯიშია, კერძოდ იმერეთიდან. მისგან წარმოებული სუფრის ღვინო, მუქი ვარდისფერი, თავისებური არომატით, თხელი და დაბალექსტრაქტულია. რკო შავს ახასიათებს შედარებით სუსტი ზრდა-განვითარება და მაღალი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის შუა რიცხვებში. გამოყენებულ შეიძლება იქნეს საბრენდე სპირტის დასამზადებლად. სუსტ გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ. საკოლექციო ჯიში.
ჟღია
ჟღია ადგილობრივი წარმოშობის ვაზის ჯიშია, კერძოდ კახეთიდან. მისგან წარმოებული სუფრის ღვინო ხასიათდება ვარდისფერი შეფერილობით, ალკოჰოლის დაბალი შემცველობით, სასიამოვნო გემოთი. შედარებით გამძლეა სოკოვანი დავადების მიმართ. გარემო პირობებს ადვილად ეგუება. საკოლექციო ჯიში.
ოჯალეში
წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენულ ჯიშებს შორის ოჯალეში საქართველოში ძველთაგანვეა ცნობილი. იგი გავრცელებულია უმთავრესად სამეგრელოს მთიან რაიონებში და როგორც წარსულში, ისე ამჟამადაც მისგან აყენებენ მუქი შეფერილობის მაღალხარისხოვან სუფრის წითელ ღვინოს. სამეგრელოში ადგილობრივ მეურნეთა შორის და აგრეთვე ზოგიერთი სპეციალური ნაშრომის მიხედვით ოჯალეში ცნობილია შონურის და სვანურის სახელწოდებითაც. ადგილობრივი შესწავლით დასტურდება, რომ ოჯალეში სამეგრელოს უძველესი ჯიშია და თავისი ბოტანიკური და აგრობიოლოგიური ნიშნებით პონტოს ვაზის ჯიშთა წყებას მიეკუთვნება.
ღვინისათვის დამახასიათებელია კარგი წითელი შეფერვა, ექსტრაქტულობა, ჰარმონიულობა, ენერგიულობა. სხეულთან და ჰარმონიულობასთან ერთად, ახასიათებს შენახვის დიდი უნარი და ტრანსპორტაბელურობა. სიძველეში ღვინო ივითარებს სასიამოვნო ბუკეტს, რაც საერთოდ დამახასიათებელია ხარისხოვანი ღვინისათვის. ალკოჰოლი შეადგენს 13,4%-ს. ოჯალეში ძირითადად გამოყენებულია წითელი ნახვერად ტკბილი ღვინოების დასამზადებლად სამეგრელოში, მაგრამ ჯიშს მოეპოვება კარგი პოტენციალი წითელი, მშრალი ღვინოების დამზადებისათვის. ქართული ღვინის კომპანიები ამზადებენ ჯიშურ ღვინოს.
ოჯალეშის გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მიმართ სუსტია – განსაკუთრებით ადვილად ავადდება ნაცრით. რქის მომწიფება სრული. საკმაოდ მძლავრი ზრდა-განვითარებისაა მაღლარად ფორმირების, და საშუალო – დაბლარად ფორმირების შემთხვევაში. სამეგრელოში მწიფდება ნოემბრის შუა რიცხვებში. ვაზზე დატოვებული ყურძენი დეკემბრამდე ძლებს, ოღონდ ჭკნება.
ოცხანური საფერე
ოცხანური საფერე საკმაოდ გავრცელებული იმერული ვაზის ჯიშია. იგი იძლევა სუფრის ხარისხოვან წითელ ღვინოს. მას იყენებენ აგრეთვე სხვა წითელი და თეთრი ღვინის შესაფერად მათი წვენის ოცხანური საფერეს ჭაჭაზე დადუღებით. მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურულ წყაროებში ოცხანური საფერეს სხვა დამატებითი სახელწოდება ცნობილი არაა. ოცხანური საფერე ადგილობრივი ვაზის ჯიშია, წარმოშობილია კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოქმნის კოლხეთის კერიდან.
იწარმოება კარგად შეფერილი, სრული, ხავერდოვანი, ჰარმონიული და სასიამოვნო გემოს მქონე მუქი წითელი ღვინო, მდიდარი სხეულით და კარგად გამოსახული ჯიშური არომატით. იგი კარგად ინახება, უმჯობესდება დავარგებისას და სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით ხასიათდება. ალკოჰოლის შემცველობაა 10–12,5%. ქართული ღვინის კომპანიები აყენებენ ოცხანური საფერეს კარგ ჯიშურ ღვინოებს.
საგვიანო სიმწიფის ჯიშია. ფილოქსერისა და ჭრაქის მიმართ სუსტ გამძლეობას ამჟღავნებს, ხოლო ნაცრის მიმართ – მაღალს. ერთწლიანი რქები შემოდგომით მოყვითალო-წითელია და მონაცრისფრი იერი დაჰკრავს. მაღალი ხარისხის პროდუქციას იძლევა ნეშომპალა-კარბონატულ, ტყის კარბონატულ და ხირხატიან ყომრალ ნიადაგებზე.
ნაცარა
ნაცარა ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ რაჭიდან. მისგან იწარმოებოდა ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო. ნაცარას ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და საშუალო მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის დასაწყისში. სუსტ გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ. საკოლექციო ჯიში.
ნაკუთვნეული
ნაკუთვნეული ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ რაჭა-ლეჩხუმიდან, მისგან მზადდება ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო. ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და კარგი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს. შედარებით გამძლეა სოკოვანი დაავადებების მიმართ. საკოლექციო ჯიში.
მუჯურეთული
მუჯურეთული ადგილობრივი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია რაჭა_ლეჩხუმის რაიონებში, ძირითადად ქვემო რაჭაში ჯიშ ალექსანდროულთან ერთად და გამოიყენება ბუნებრივი ნახევრადტკბილი (ხვანჭკარა) და სუფრის წითელი ღვინის დასაყენებლად. ადგილობრივ მევენახეთა შორის და ლიტერატურულ წყაროებში მუჯურეთულის სინონიმები ცნობილი არაა.
მუჯურეთულიდან და ალექსანდროულიდან დამზადებული ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო “ხვანჭკარა” მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ინტენსიურად შეფერილია, მუქი ლალისფერი და გამჭვირვალეა. ხასიათდება თავისებური არომატით, სიტკბოთი და ნაზი, ჰარმონიული გემოთი, რომელშიც კარგად იგრძნობა ალუბლის ტონები. ჯიშური ღვინო ხასიათდება კარგი შეფერვით, გამჭვირვალობით, სხეულით, სინაზით, ჰარმონიულობით და არომატით.
გვალვის კარგი ამტანი ჯიშია. შედარებით კარგად უძლებს ზამთრის ყინვებს. ჭრაქის მიმართ სუსტი გამძლეობა ახასიათებს. კარგად ვითარდება რაჭა-ლეჩხუმის თითქმის ყველა ტიპის ნიადაგებზე, თუმცა შედარებით უკეთ – ალუვიურ დ კირნარ ნიადაგებზე. ხასიათდება საშუალო ზრდის სიძლიერით. რეგიონალურად გავრცელებული ჯიშია, ძირითადად ალექსანდროულთან ერთად.
მურადოული
მურადოული ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ იმერეთიდან, მისგან იწარმოება ადგილობრივი მოხმარების სუფრის თეთრი ღვინო. იშვიათად აყენებენ ცალკე, ძირითადად გამოიყენება სხვა ადგილობრივ ჯიშებთან – უფრო ხშირად კუნძასთან და იმერულ მწვანესთან ერთად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ საშუალო გამძლეობისაა. აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის. საკოლექციო ჯიში.
მტევანდიდი
მტევანდიდი გურიაში მცირედ გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენული ჯიშია. მისი პროდუქცია გამოიყენება ადგილობრივი მოხმარების ხარისხოვანი წითელი სუფრის ღვინის დასაყენებლად. ზემო გურიის ზოგიერთ სოფელში (ფარცხმა, საჭამიასერი, დაბლაციხე) მტევანდიდი ცნობილია აგრეთვე “აკიდოს”- სახელწოდებით, რაც გურიაში ორმტევნიან რქას ნიშნავს.
მტევანდიდის გავრცელების თანამედროვე არეალი მიუხედავად კარგი მოსავლიანობისა და პროდუქციის საკმაოდ მაღალი ღირსებისა მნიშვნელოვნად შეზღუდულია, რაც პირველყოვლისა გამოწვეულია უხვმოსავლიანი იმერული ჯიშის ცოლიკოურის ფართო გავრცელებით და ამავე დროს იმ გარემოებით, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მეტად მცირედ გავრცელების გამო მტევანდიდს ნაკლებად იცნობს.
ღვინო წითელი ფერისაა, ხასიათდება ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, საკმაოდ მაღალი გემური მაჩვენებლებით. გამოიყენება აგრეთვე ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძნად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეა. საკოლექციო ჯიში.
მესხური შავი
მესხური შავი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ მესხეთიდან. მისგან იწარმოება შინდისფერი შეფერილობის, არომატული ღვინო. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. სოკოვან დაავადებათა მიმართ საკმაო გამძლეობით ხასიათდება. დიდ გამძლეობას იჩენს გვალვისა და ყინვის მიმართ. მაღლარების სახით გვხვდებოდა ასპინძისა და ახალციხის რაიონების ვენახებში. საკოლექციო ჯიში.
მესხური საფერე
მესხური საფერე ადგილობრივი ვაზის ჯიშია მესხეთიდან, იგი გამოირჩევა მუქი შინდისფერი, ხალისიანი, სასიამოვნო არომატით. შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადგილობრივი მნიშვნელობის სუფრის წითელი ღვინოების დასაყენებლად. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებ მგრძნობიარეა. დიდ გამძლეობას იჩენს ყინვების მიმართ. ეს ჯიში ერთეული ძირების სახით გვხვდებოდა ასპინძის მიდამოებში. საკოლექციო ჯიში.
კუმსი შავი
კუმსი შავი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ კახეთიდან, იგი იძლევა სუფრის წითელ ღვინოს, რომელსაც ახასიათებს სუსტი შეფერვა, საშუალო სხეული და დაბალი ალკოჰოლის შემცველობა. გემო ჰარმონიულია, ჯიშური არომატი საკმაოდ სუსტადაა გამოხატული. სოკოვანი დაავადებების მიმართ საშუალოზე უკეთ გამძლეა – მეტად ჭრაქის, ვიდრე ნაცრის მიმართ. საკოლექციო ჯიში.
კოცხანა
კოცხანა ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ გურიიდან. მისგან იწარმოება ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო, საკმაოდ ჰარმონიულია, ხასიათდება ხილის ტონებით. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ან ძლიერი ზრდისაა. ძლიერად ზიანდება ჭრაქით. საკოლექციო ჯიში.
კირწწითლა
კირწწითლა ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ რაჭიდან. მისგან აწარმოებდნენ ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელ ღვინოს. საშუალო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად გამძლეა. საკოლექციო ჯიში.
კამური შავი
კამური შავი ადგილობრივ ვაზის ჯიშია დასავლეთ საქართველოდან. მისგან იწარმოება ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო. მშრალ ფერდობებზე, თიხნარ ან მძიმე თიხნარ ნიადაგებზე მოყვანილი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი შაქრიანობით და ამ შემთხვევაში ღვინო მაღალალკოჰოლიანია (13,5-14,0%). საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად გამძლეა. საკოლექციო ჯიში.
იყალთოს წითელი
იყალთოს წითელი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ კახეთიდან, მისგან წარმოებული მშრალი წითელი სასუფრე ღვინო შუალედური ხარისხისაა, ამიტომ მიზანშეწონილია მისი გამოყენება კუპაჟისათვის. საშუალო სიმწიფის პერიოდის საღვინე ჯიშია. რქის მომწიფება -კარგი. ზრდის სიძლიერე – საშუალო. ჭრაქის მიმართ შედარებით გამძლეა, ნაცრის მიმართ შედარებით მგრძნობიარეა. ერთეული ძირების სახით არსებობდა თელავისა და ახმეტის ვენახებში. საკოლექციო ჯიში.
თავკვერი
თავკვერი ქართლის წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენული ჯიშია. სამეურნეო დანიშნულებით განკუთვნილია ღია წითელი ფერის ორდინარული ღვინოების დასამზადებლად; ამავე დროს იგი იძლევა ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძენს. თუ როდის წარმოიშვა თავკვერი ან როგორ განვითარდა იგი საქართველოს რაიონებში, არ არის საბოლოოდ დადგენილი. უნდა ვიფიქროთ, რომ იგი მთელი რიგი ვაზის ადგილობრივი ჯიშების მსგავსად წარმოიშვა საქართველოს წიაღში ბუნებრივი გამრავლების გზით, ხოლო შემდგომ პერიოდში მან განიცადა ევოლუცია და ადამიანის უშუალო ზემოქმედებით მისი უკეთესი ფორმა დამკვიდრდა ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონში. ამის დამადასტურებელია, ჯერ ერთი, თავკვერის მრავალი ფორმა, რომლებსაც ვხვდებით კახეთისა და ქართლის რაიონებში (შავი თავკვერი, თეთრი თავკვერი, საფერავისებრი თავკვერი, დიდმარცვალა თავკვერი, პატელაანთეული თავკვერი და სხვ.); აგრეთვე წმინდა ქართული სახელწოდება `თავკვერი~, და ბოლოს ბოტანიკურ-ბიოლოგიური ნიშან-თვისებები, რაც დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოს ვაზის აბორიგენულ ჯიშთათვის. ამ უკანასკნელი თვისებებით იგი ალაზნის კერის ტიპიური წარმომადგენელია და ქართლის ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება.
ჯიშური და კუპაჟში გამოყენებული ღვინო ხასიათდება მსუბუქი სხეულით, საშუალო ან საშუალოზე მცირე ალკოჰოლით და ოდნავ მომატებული საერთო მჟავიანობით. თავკვერიდან დგება ძალზე საინტერესო წითელი მშრალი ან ვარდისფერი ღვინოები ველური ვარდისა და წითელი ხილის სურნელებით. განსაკუთრებით სასიამოვნოა ახალგაზრდა ღვინო.
თავკვერი ადვილად ზინდება ჭრაქით. აღსანიშნავია, აგრეთვე, ნაცრისფერი სიდამპლის უარყოფითი გავლენა ვაზზე. რეგიონალურად გავრცლებული ჯიში.
თავკვერი დიდმარცვალა
თავკვერი დიდმარცვალა ადგილობრივი ვაზის ჯიშია კახეთიდან. იგი იძლეოდა წითელ, ე.წ. ორდინალურ სუფრის ღვინოს. ღვინო მცირესხეულიანია, მსუბუქი. სოკოვანი დაავადებების მიმართ მისი გამძლეობა შეფასებულია საშუალოდ, მათ შორის ნაცრის მიმართ გამძლეობა საშუალოზე სუსტია, ჭრაქის მიმართ კი -საშუალო. საკოლექციო ჯიში.
ვარდისფერი
ვარდისფერი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ კახეთიდან, იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის სადესერტო ყურძენს. არის ტრანსპორტაბელური, ინახება. სოკოვანი დაავადებების მიმართ გამძლეობა შეფასებულია საშუალოდ – აქედან ჭრაქის მიმართ გამძლეობა საშუალოა, ხოლო ნაცრის მიმართ – საშუალოზე მაღალი. საკოლექციო ჯიშია.
ენდელაძისეული
ენდელაძისეული ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ იმერეთიდან, იგი საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. მისგან მზადდება ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღია წითელი შეფერვის ღვინო. სოკოვან დაავადებათა მიმართ მგრძნობიარეა, ადვილად ავადდება ჭრაქით. ჯიში გავრცელებული იყო ძირითადად ბაღდათის რაიონში, ენდელაძეების დასახლებაში. საკოლექციო ჯიში.
დანახარული
დანახარული ადგილობრივი ვაზის ჯიშია, იგი მცირედ არის გავრცელებული ქართლის რეგიონში. მისგან იწარმოება ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღვინო. გამოიყენება აგრეთვე საკუპაჟედ. შედარებით უფრო მგრძნობიარეა ნაცრის მიმართ, თუმცა ჭრაქიც აზიანებს. ძველად საკმაოდ ყოფილა გავრცელებული გორის, კასპისა და ცხინვალის რაიონების ვენახებში.
გაბაშა
გაბაშა ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ კახეთიდან და რაჭა-ლეჩხუმიდან. მისგან იწარმოება სუფრის მშრალი წითელი ღვინო. გაბაშას ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და კარგი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის ბოლოს. სოკოვან დაავადებათა მიმართ საშუალო გამძლეობას იჩენს. შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც საკუპაჟე მასალა, მშრალი სუფრის ღვინოების და საბრენდე სპირტის დასამზადებლად. საკოლექციო ჯიში.
ბუზა
ბუზა ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ ქართლიდან. ჯიში იძლევა დაბალი ხარისხის სუფრის წითელ ღვინოს. სოკოვან დაავადებათა მიმართ საშუალოდ გამძლეა. აბლაბუდიანი ტკიპისადმი საშუალოზე მეტ გამძლეობას იჩენს. კანი სრულ სიმწიფეში ადვილად სკდება, წვენი იღვრება და ბუზები ეხვევიან. ამ თვისების გამო მოსახლეობამ მას ბუზა, ანუ „ბუზის ყურძენი“ შეარქვა. სუფთა ნარგაობა საქართველოს არცერთ კუთხეში არ გვხვდებოდა, ხოლო ერთეული ძირების სახით არსებობდა ქართლის ვენახში. საკოლექციო ჯიში.
ბუდეშური წითელი
წითელი ბუდეშური ადგილობრივი, იშვიათად გავრცელებული, მაგრამ პერსპექტიული ვაზის ჯიშია, იძლევა კარგი ღირსების სასუფრე ყურძენს. მოსახლეობაში წითელი ბუდეშური ცნობილია აგრეთვე შავი ბუდეშურის სახელწოდებითაც. წითელი ბუდეშური ადგილობრივი ვაზის ჯიშია, იგი წარმოშობილია კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოქმნის ადგილობრივი კერიდან.
აღმოსავლეთ საქართველოს სასუფრე ყურძნის ჯიშებიდან იგი საგრძნობლად გამოირჩევა მტევნების ლამაზი გარეგნული შეხედულებით. მისგან წარმოებული ღვინო ხასიათდება ჰარმონიული გემოთი და სასიამოვნო არომატით. მიეკუთვნება საშუალო სიმწიფის პერიოდის სასუფრე ჯიშების ჯგუფს. რქის მომწიფება კარგი. ზრდის სიძლიერე საშუალოზე მეტი. გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ დამაკმაყოფილებელია. ზამთრის ყინვებისა და გვალვის მიმართ წითელი ბუდეშური საშუალო გამძლეობით ხასიათდება.
ბორჩალო
ბორჩალო ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ ქართლიდან. მისგან იწარმოება დაბალი ხარისხის ღვინო. სოკოვან დაავადებათაგან მეტ მგრძნობელობას იჩენს ჭრაქის მიმართ, ნაცრისადმი საშუალოდ გამძლეა. სახელწოდება „ბორჩალო“ შერქმეული უნდა ჰქონდეს იმის გამო, რომ ეს ჯიში მხოლოდ ბორჩალოს მაზრაში (ახლანდელი მარნეულის მუნიციპალიტეტი) იყო გავრცელებული. საკოლექციო ჯიში.
ბერბეშო
ბერბეშო ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ რაჭიდან, იგი გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით და იწარმოება თეთრი მშრალი ღვინო. ბერბეშოს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის შუა რიცხვებში. შედარებით გამძლეა სოკოვან დაავადებათა მიმართ. საკოლექციო ჯიში.
ბათომურა
ბათომურა ადგილობრივი ვაზის ჯიშია აჭარიდან. წარმოადგენს ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენს. გაზაფხულამდე ინახება და ტრანსპორტაბელურია. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი ძლიერი ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად გამძლეა, განსაკუთრებით ძლიერად ზიანდება ნაცრით. აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის. საკოლექციო ჯიში.
ახარდანი
ახარდანი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ სამეგრელო-აფხაზეთიდან. მისგან იწარმოება ადგილობრივი მოხმარების, სუფრის წითელი ღვინო, საშუალოდ ექსტრაქტული, კარგი ფერის, სასიამოვნო გემოსი. ახარდანს ახასიათებს ძლიერი ზრდა-განვითარება და კარგი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის პირველ ნახევარში. შედარებით გამძლეა სოკოვანი დაავადებების მიმართ. საკოლექციო ჯიში.
ასპინძურა შავი
ასპინძურა შავი ადგილობრივი ვაზის ჯიშია ქართლიდან, იგი გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით და მზადდებოდა ინტენსიური შეფერილობის სუფრის წითელი ღვინო. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებ მგრძნობიარეა. დიდ გამძლეობას იჩენს გვალვისა და ყინვების მიმართ. მაღლარების სახით გვხვდება ასპინძის მიდამოებში. საკოლექციო ჯიში.
არაბეული შავი
არაბეული შავი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ რაჭიდან. მისგან იწარმოება ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო. არაბეულ შავს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და საშუალო მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს. ძლიერ ავადდება სოკოვანი დაავადებებით. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.
ალექსანდროული
ალექსანდროული რაჭის მთავარი საწარმოო ვაზის ჯიშია. ტოლა-ხვანჭკარის მიკრორაიონში იგი იძლევა ბუნებრივად ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს, რომელიც ფართოდაა ცნობილი “ხვანჭკარას” სახელწოდებითი, ხოლო დანარჩენ ადგილებში სუფრის ხარისხოვან წითელ ღვინოს. ადგილობრივი მევენახეთა შორის (სოფ. ხვანჭკარა) და ლიტერატურულ წყაროებში (7,3), ალექსანდროული ცნობილია აგრეთვე კაბისტონის და კაბისტონას სახელწოდებით. ალექსანდროული ადგილობრივი ვაზის ჯიშია. იგი გავრცელებულია ქვემო რაჭის სოფლებში, სახელდობრ: პირველსა და მეორე ტოლაში, ხვანჭკარაში, ჭრებალოში, სადმელში, ზედა და ქვედა ქვიშარში, ღვიარაში, ძირაგეულში და სხვაგან.
ალექსანდროულის ყურძენს იყენებენ ძირითადად ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინის „ხვანჭკარის“ და სუფრის ხარისხოვანი წითელი ღვინოების დასამზადებლად. „ხვანჭკარა“ ხასიათდება მაღალი გემური თვისებებით, მუქი ლალისფერია, კარგად გამოხატული ბუკეტით, გამოირჩევა სირბილითა და ნაზი, სასიამოვნო მოტკბო გემოთი.
ნაცრისა და ფილოქსერის მიმართ კარგ გამძლეობას ავლენს, ხოლო ჭრაქი მას დიდ ზიანს აყენებს. რეგიონალურად გავრცელებული ჯიში.
ალადასტური
გურიაში გავრცელებულ წითელყურძნიან ვაზის ჯიშთა შორის ალადასტურს ყოველთვის თვალსაჩინო ადგილი ეკავა, როგორც უხვმოსავლიან საღვინე და ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნის ჯიშს. ახასიათებს ძლიერი ზრდა და მცირე მოსავლიანობა. სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის ბოლოს. შედარებით ნაკლებად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით. საკოლექციო ჯიში.
ადანასური
ადანასური ადგილობრივი საღვინე ვაზის ჯიშია, იმერეთიდან. სუფრის წითელი ღვინო, ადგილობრივი მოხმარების, დაბალექსტრაქტული, სასიამოვნო, ცოცხალი გემოთი გამოირჩევა. ადანასურს ახასიათებს საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდა-განვითარება და მაღალი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის დასაწყისში. სუსტ გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ. ადანასურის ვარიაციაა „მსხვილთვალა“, რომელიც ხასიათდება უფრო მსხვილი მარცვლებით და დაბალი მოსავლიანობით. მისი ღვინო უკეთესი ხარისხისაა, ვიდრე ადანასურისა. მისი სინონიმია “მაღლარი” და წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.
ჯვარი
ჯვარი ადგილობრივი საღვინე ვაზის ჯიშია, კერძოდ ქართლიდან. ევროპული წესით დაყენებული ღვინო ქარვისფერია, საკმაოდ სხეულიანი, ხალისიანი და სასიამოვნო. ჭრაქისა და ნაცრის მიმართ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე თავკვერი, გორული მწვანე და სხვა ჯიშები. ზოგჯერ შეიძლება მოსავალი სულ განადგურდეს. ჯვარი იშვიათად გავრცელებული ჯიშია. აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის. საკოლექციო ჯიში.
ხიხვი
იხვი ადგილობრივი მცირედ გავრცელებული სტანდარტული ვაზის ჯიშია. იძლევა მაღალხარისხოვან საფრის თეთრ ღვინოს, ხოლო ზოგიერთ მიკრორაიონში მაღალხარისხოვან სადესერტო ღვინოს. ლიტერატურულ წყაროებში ხიხვის სინონიმები არ არის ცნობილი. თელავისა და ახმეტის რაიონებში ჯიში ატარებს “ჯანანურას” სახელოწოდებას, რომელიც მიღებული აქვს მას ახმეტის რაიონის სოფელ ჯანაანიდან, ხოლო გურჯაანისა და სიღნაღის რაიონებში – ხიხვის სახელწოდებას. მათი იგივეობა ჩვენ მიერ დადგენილია ვაზისუბნის საკოლექციო ნაკვეთზე, სოფ. რუისპირიდან (თელავის რ-ნი) და კარდანახიდან (გურჯაანის რ-ნი) ჩამოტანილი ვაზების შედარებით.
ევროპული სუფრის ღვინო ღია ჩალისფერია, გამჭვირვალე, აქვს სასიამოვნო ჯიშური არომატი, ნაზი, სრული და ჰარმონიული გემო. კახურად დაყენებული კი – მუქი ჩალისფერია, საკმაოდ სხეულიანი, სრული და ჰარმონიული. კარდენახის რაიონში მოყვანილი ყურძნისაგან შექმნილი იყო სადესერტო ღვინო „ხიხვი“, რომელიც იყო მუქი ქარვისფერი, ჰარმონიული, ტოკაის ტიპის ღვინისათვის დამახასიათებელი ბუკეტით, 13% ალკოჰოლის, 5-7% საერთო მჟავიანობისა და 24% შაქრის შემცველობით.
ხიხვის გამძლეობა ნაცრის მიმართ სუსტი, ხოლო ჭრაქის მიმართ საშუალოა. ზრდის სიძლიერე საშუალოა. საადრეო სიმწიფის სხვა კახურ ჯიშებთან შედარებით.
ჭყაპა
ჭყაპა ადგილობრივი მოხმარების საღვინე ჯიშია, კერძოდ ქართლიდან. გამოიყენება საკუპაჟე მასალად, ღვინო დუნეა და მდარე ხარისხის. ჭრაქისა და ნაცრისადმი, ასევე ყურძნის ჭიის მიმართ დიდ გამძლეობას იჩენს, სხვა ჯიშებთან შედარებით, ხოლო აბლაბუდიანი ტკიპისადმი საშუალო გამძლეობით ხასითდება. ზღვის დონიდან 600 მ-მდე ჯიში ნაკლებ ყურადღებას იმსახურებს. ხოლო უფრო მაღლა, 650–850 მ-მდე, შედარებით უკეთესი ხარისხის ღვინოს იძლევა და წვენის გამოსავლიანობაც კარგი აქვს. ჯიში ძველად საკმაოდ გავრცელებული ყოფილა ქართლში. ჩოლოყაშვილის (1940) ინფორმაციით, ის არსებობდა მცხეთის, კასპის, დუშეთისა რაიონებში და თბილისის შემოგარენში. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.
ჭროღა
ჭროღა ყურძენი ადგილობრივი, ნაკლებად გავრცელებული ვაზის ჯიშია, კერძოდ კახეთიდან. ძირითადად გამოყენებული იყო საბრენდე სპირტების დასამზადებლად, ასევე სხვა ჯიშებთან სეპაჟით თეთრი ღვინოების დასაყენებლად. ჯიშური ღვინო არის მასობრივი მოხმარების, საშუალო ხარისხის. ჯიში სოკოვან დაავადებათა მიმართ ხასიათდება საშუალო გამძლეობით. მიეკუთვნება საშუალო სიმწიფის პერიოდის საღვინე ჯიშს. სიმწიფე დგება სექტემბრის მეორე ნახევარში (თელავი). რქის მომწიფება კარგი. ზრდის სიძლირე საშუალო. ადგილობრივი მნიშვნელობის ჯიშია.
ჭვიტილური
ჭვიტილური ყურძენი ადგილობრივი, ვაზის ჯიშია, კერძოდ სამეგრელოდან. ხარისხოვანი სუფრის ღვინოა, გამოირჩევა ჰარმონიულობით, სასიამოვნო გემოთი, ბუკეტით, ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით (10,8–11,7%), კარგად ინახება და ტრანსპორტაბელურია. ძლიერ ავადდება ჭრაქით. ფილოქსერისადმი კი განსაკუთრებულ მგრძნობიარობას იჩენს. საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. ვაზზე დატოვებული ყურძენი საკმაოდ დიდხანს ინახება და არ ლპება. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.
წულუკიძის თეთრა
წულუკიძის თეთრა ადგილობრივი ვაზის ჯიშია. იგი გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში და იძლევა ბუნებრივად ნახევრადტკბილ, სუფრის ხარისხოვან თეთრ ღვინოს, ხოლო ყირიმსა და შუა აზიაში ხარისხოვან მაგარ და სადესერტო ღვინოს. საქართველოში წულუკიძის თეთრა ცნობილია აგრეთვე რაჭული თეთრას სახელწოდებით. წულუკიძის თეთრა გამოყენება სუფრის, ბუნებრივად ნახევრადტკბილი და სადესერტო ღვინოების დასამზადებლად. ღვინო ღია ყვითელი ფერისაა, აქვს კარგად გამოსახული არომატი, საშუალო სხეული და ნაზი სასიამოვნო გემო. საერთოდ, წულუკიძის თეთრა მაღალი ღირსების ნაზ, სასიამოვნო სუფრის ღვინოს იძლევა. მისგან მზადდებოდა ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო „თეთრა“.
სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ კარგი გამძლეობით ხასიათდება, თუმცა ფილოქსერის მიმართ საგრძნობლად დაბალ გამძლეობას ამჟღავნებს. რქის მომწიფების ხარისხი კარგი. საშუალო ზრდის სიძლიერის. ნიადაგის მიმართ განსაკუთრებულ მოთხოვნებს არ აყენებს, მაგრამ მაღალი ხარისხის ღვინოს იძლევა ფერდობებზე განლაგებულ კირნარ-თიხნარ და ნეშომპალა-კარბონატულ ტიპის ნიადაგებზე.
წნორის თეთრი
წნორის თეთრი ადგილობრივი ვაზის ჯიშია კახეთიდან, იგი წარმოადგენს თეთრ სასუფრე და საკუპაჟე ღვინოს რქაწითელთან ერთად. სოკოვან-დაავადებათა მიმართ ახასიათებს საშუალო გამძლეობა. საშუალო-საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა. რქის მომწიფება კარგია. ზრდის სიძლიერე საშუალოზე ძლიერი. საკოლექციო ჯიში.
ძაღლიარჭამა
ძაღლიარჭამა ყურძენი ადგილობრივი, ვაზის ჯიშია, კახეთიდან. იძლევა სუფრის მშრალ ღვინოს და ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენს. კახეთის ვაზის სხვა ჯიშებთან შედარებით, საშუალო გამძლეობით ხასიათდება სოკოვანი დავადებების მიმართ. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.
ცოლიკოური
ცოლიკოური ადგილობრივი სტანდარტული ვაზის ჯიშია. იგი ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებში და იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის თეთრ და ბუნებრივად ნახევრადტკბილ სადესერტო ღვინოს. ცოლიკოური დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებში ცნობილია ობჩური ცოლიკოურისა და მელქოს ცოლიკოურის სახელწოდებით, ხოლო ბაზალეთურის ცოლიკოურის სახელწოდებით ზემო იმერეთში გავრცელებული ჯიში საგრძნობლად განსხვავდება ნამდვილ ცოლიკოურიდან და დამოუკიდებელ ჯიშს წარმოადგენს.
ცოლიკოურიდან სამი ტიპის ღვინო მზადდება: იმერული, ევროპული და ბუნებრივად ნახევრადტკბილი. მისი ღვინო გამჭვირვალე, მოყვითალო ფერისაა, ხასიათდება საკმაო სხეულით, შინაარსით და სიხალისით, სიძველეში უმჯობესდება, იძენს სინაზეს და ივითარებს ჯიშისათვის დამახასიათებელ ბუკეტს. იმერეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის შემაღლებულ ადგილებში ცოლიკოური აგროვებს სუფრის ღვინისათვის საკმარისი რაოდენობის შაქარს. შუა და ქვემო იმერეთის რაიონებში ის მეტი რაოდენობით აგროვებს შაქარს და ღვინოც ამ რაიონებში უფრო სრული და ენერგიული დგება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ცოლიკოური მაღალშაქრიანობასთან ერთად ინარჩუნებს საკმაო სიმჟავეს, რაც იძლევა მაღალალკოჰოლიანი, სრული, ენერგიული, საკმაოდ ხალისიანი ღვინის მიღების საშუალებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო „ტვიში“ ცაგერის რაიონის სოფელ ტვიშის სპეციფიკური ზონიდან. ამ ღვინოს ახასიათებს ნაზი გემო, ხილის არომატი, სიტკბო და ბუნებრივი ცქრიალი.
ჭრაქის მიმართ მაღალ, ხოლო ნაცრის მიმართ საშუალო გამძლეობას იჩენს. ადვილად ეგუება გარემო ეკოლოგიურ პირობებს, რითაც აიხსნება ამ ჯიშის მასობრივი გავრცელება მთელ დასავლეთ საქართველოში. ძლიერი ზრდისაა. ყინვის მიმართ გამძლეობა შედარებით დაბალი.
ციცქა
ციცქა ადგილობრივი, ფართოდ გავრცელებული ვაზის სტანდარტული ჯიშია, იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის ნაზ თეთრ ღვინოს. ზემო და შუა იმერეთში მას იყენებენ, ძირითადად შამპანური ღვინის დასაყენებლად. ზემო იმერეთის ზოგიერთ სოფლებში ციცქა ცნობილია აგრეთვე შანთისა და ციცქოს სახელწოდებით, ხოლო შუა იმერეთის სოფლებში მას დამატებით `მამალ ციცქას~ უწოდებენ.
ციცქა მაღალხარისხოვანი ვაზის ჯიშია, იგი იძლევა საუკეთესო ღირსების სუფრის ღვინოს და ხარისხოვან მასალას ცქრიალა ღვინოებისათვის. ციცქას სუფრის ღვინო ღია ჩალისფერია მომწვანო იერით, ხასიათდება სხეულით, ენერგიითა და სიხალისით, გემო ნაზი და ჰარმონიული აქვს. დაძველებისას ივითარებს მეტად ნაზ სასიამოვნო ბუკეტს. ზემო იმერეთში მდ. ჩხერიმელისა და ძირულის ხეობებში ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე ციცქა იძლევა გამჭვირვალე, ღია ჩალისფერ, საკმაოდ სხეულიან, ნაზ, ხალისიან ღვინოს კარგად გამოხატული ხილის ტონებით. ხშირად კუპაჟდება სხვა ჯიშებთან – მაგალითად, ცოლოკაურთან.
ციცქა სუსტი გამძლეობით ხასიათდება ნაცრისა და ჭრაქის მიმართ, ხოლო შედარებით მეტად გამძლეა ფილოქსერის მიმართ. ჰავისა და ნიადაგური პირობების მიმართ შეგუების კარგი უნარით ხასიათდება. გაზაფხულის წაყინვებისაგან იგი შედარებით ნაკლებად ზიანდება, ვიდრე ცოლიკაური.
ჩხიკოურა
ჩხიკოურა ყურძენი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, იმერეთიდან. მისგან აწარმოება საშუალო ხარისხის, არაჰარმონიული, სუფრის თეთრი ღვინო. ჩხიკოურას ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და საშუალო მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის დასაწყისში. სოკოვანი დაავადებების მიმართ შედარებით გამძლეა.
ჩინური
საქართველოს ისტორიული ცნობილ თეთრყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის ჩინური განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, როგორც ხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე და ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნის ჯიში. თავისი ბოტანიკურ_ბიოლოგიური ნიშან_თვისებით ჩინური ქართლის ვაზის ჯიშთა ჯგუფს განეკუთვნება და ამ მხარის თეთრყურძნიან ჯიშებს შორის როგორც ძირითად სტანდარტულ ასორტიმენტს სამართლიანად უჭირავს წამყვანი ადგილი.
ჩინური გამოყენებულია მაღალხარისხოვანი სუფრისა და ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. სუფრის ღვინო – ღია მოჩალისფროა, მეტად სუფთა, გემოთი რბილი, ნაზი, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური თანაფარდობით. ცქრიალა ღვინო – მოჩალისფრო, მეტად სუფთა, სასიამოვნო სირბილის და ხალისიანი მჟავიანობით. განსაკუთრებით სახელგანთქმულია ჩინურის მონაწილეობით დაყენებული „ატენური“ ღვინო. ქართული ღვინის კომპანიები ამზადებს ტიპურ ცქრიალა და ტრადიციულ ქვევრის ღვინოებს.
სოკოვან დაავადებათა, განსაკუთრებით ნაცრის მიმართ, საკმაო გამძლეობას იჩენს. საშუალო ან ძლიერი ზრდის სიძლიერის. ეკოლოგიური პირობების მიმართ არ იჩენს დიდ მგრძნობელობას. ადვილად ეგუება როგორც გრძელ, ისე მოკლე სხვლას. გამოიყენება სასუფრე ყურძნადაც.
შაბა
შაბა ყურძენი ადგილობრივი, ვაზის ჯიშია, ქართლიდან, მის დანიშნულებად მიჩნეულია საბრენდე სპირტის გამოხდა. სოკოვან დაავადებათა და მავნებლთა მიმართ მგრძნობიარეა. განსაკუთრებით ზიანდება ნაცრით და აბლაბუდიანი ტკიპით, ჭრაქისადმი საშუალოზე მეტ გამძელობას იჩენს. სრულ სიმწიფეში ხშირად მარცვლების ლპობა ახასიათებს. დაბალმოსავლიანია და შედარებით ადრე მწიფდება. აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის. სახელი „შაბა“ პ. ყანდურალოვის (1897) ცნობით მომდინარეობს სიტყვა „შაბისაგან“, ვინაიდან ამ ჯიშის ყურძენს სრულ სიმწიფეში შაბივით მომწკლარტო გემო აქვს. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.
მხარგრძელი ყვითელი
მხარგძელი ყვითელი ყურძენი ადგილობრივი, ვაზის ჯიშია, კერძოდ კახეთიდან. იგი წარმოადგენს საშუალო ღირებულების სუფრის ღვინოს. ღვინო ჩალისფერია, კარგად გამოხატული ჯიშური არომატით, საშუალო სხეულით, აქვს ნაზი და ჰარმონიული გემო. გამოიყენება ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძნადაც. სოკოვანი დავადებების მიმართ ჯიშის გამძლეობა შეფასებულია საშუალოდ როგორც ჭრაქის, ისე ნაცრის მიმართ.
ქისი
ქისი ნაკლებად გავრცელებული კახური ვაზის ჯიშია, იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის თეთრ ღვინოს. ევროპულად დაყენებული მოყვითალო ჩალისფერია, ოქროსფერი იერით. არომატი კარგადაა გამოსახული, ნაზი, სასიამოვნო, ხოლო გემო სრული, ჰარმონიული აქვს. კახურად დაყენებული ღვინო უფრო მაღალი ღირსებისაა – იგი მუქი ჩალისფერია, კარგად გამოსახული ხილის სასიამოვნო არომატით, ნაზი, სრული, შინაარსიანი, გემო ჰარმონიული და ხავერდოვანი. მიიღება ძალიან კარგი ხარისხის სადესერტო ღვინოები.
კარგად უძლებს გვალვას და ხასიათდება კარგი ყინვაგამძლეობით. ნაცრის მიმართ სუსტ გამძლეობას ამჟღავნებს. აქვს მიდრეკილება მარცვლების ობით დაფარვისაკენ, განსაკუთრებით წვიმიან შემოდგომაზე. მსხმოიარობის კოეფიციენტი საშუალოდ 1,2-ს შეადგენს.
ფითრა
ფითრა ყურძენი ადგილობრივი, ვაზის ჯიშია, კერძოდ იმერეთიდან. მისგან იწარმოება კარგი ხარისხის სუფრის მშრალი თეთრი ღვინო, ექსტაქტიული, სასიამოვნო, ცოცხალი გემოთი. ფითრას ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და საშუალოზე მაღალი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს – ოქტომბრის დასაწყისში. სოკოვან დაავადებათა მიმართ საშუალო გამძლეობას იჩენს. საკოლექციო ჯიში.
სირგულა
სირგულა ყურძენი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კახეთიდან. იძლევა ადგილობრივი მოხმარების ხარისხიან სუფრის ყურძენს. არ გამოირჩევა მაღალი ტრანსპორტაბელურობით. სოკოვანი დავადებების მიმართ საშუალოდ გამძლეა ჭრაქის მიმართ მისი გამძლეობა შეფასებულია საშუალოდ, ხოლო ნაცრის მიმართ საშუალოზე მცირედ. საკოლექციო ჯიში.
საფენა
საფენა ყურძენი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კახეთიდან. გამოიყენება მშრალი თეთრი ღვინოების დასამზადებლად მწვანე კახურთან და რქაწითელთან ერთად – მისგან იშვიათად ამზადებენ ჯიშურ ღვინოს. ღვინო შეიძლება იქნეს დახასიათებული როგორც რბილი, საშუალოდ ექსტრაქტული, ჰარმონიული, კარგად გამოხატული ჯიშური არომატით. საშუალო ხარისხით ზიანდება ჭრაქით და ძლიერად – ნაცრით. გვალვა- და ყინვაგამძლეობა, მრავალწლიანი დაკვირვებების თანახმად, დამაკმაყოფილე-ბელია. რქების მომწიფების ხარისხი კარგია. ზრდის სიძლიერე – საშუალო. სიმწიფის პერიოდი სექტემბრის შუა რიცხვებში. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.
სამარხი
სამარხი ყურძენი ადგილობრივი, ვაზის ჯიშია, კერძოდ გურიიდან. იგი წარმოადგენს სასუფრე ყურძენს. ხასიათდება მტევნისა და მარცვლის საკმაოდ ლამაზი გარეგნული იერით. აქვს სასიამოვნო ჰარმონიული გემო. კარგად ინახება ზამთარში და ტრანსპორტაბელურია. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. ძლიერ ზიანდება სოკოვანი დაავადებებით.
საკმეველა
საკმეველა ყურძენი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, გურიიდან. მისგან იწარმოება საკმაოდ ხარისხიანი ადგილობრივი მოხმარების სუფრის თეთრი ღვინო. გურიის თეთრყურძნიან საღვინე ვაზის ჯიშებს შორის საკმეველა მნიშვნელოვანი ჯიშია. საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა. ვაზი ძლიერი ზრდისაა. ძლიერად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.
რქაწითელი
რქაწითელი საქართველოს სტანდარტული, ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია. ყველაზე დიდი ფართობი მას კახეთში უჭირავს. იძლევა მაღალხარისხოვან ევროპულ და კახური ტიპის სუფრის თეთრ ღვინოს, მაგარ და სადესერტო ღვინომასალას და ადგილობრივ მნიშვნელობის კარგი ღირსების სუფრის ყურძენს.
მარცვლის სასურველი წვნიანობა, წვენის მაღალი შაქრიანობა, საკმაო მჟავიანობა და სასიამოვნო არომატი განაპირობებს რქაწითლის ძირითად გამოყენებას სუფრის ღვინოების დასაყენებლდ. ღვინოს ახასიათებს თავისებური ხილის ბუკეტი, სინაზე, სიმსუბუქე, ჰარმონიულობა და სასიამოვნო გემო. კახეთის სხვადასხვა კუთხეში რქაწითლისაგან სხვადასხვა ტიპის ღვინოები მიიღება: ევროპული ტიპის ღვინოებიდან გამორჩეულია კონდოლის, წინანდლის, კისისიხევის, ქვემო ხოდაშნის, ვაზისუბნის და მუკუზნის თეთრი სუფრის ღვინოები – ცნობილი ღვინოა ადგილწარმოშობის კონტროლირებადი დასახელების „წინანდალი“, სადაც რქაწითელი კახურ მწვანესთან ერთად მონაწილეობს (75% რქაწითელი + 15% მწვანე კახური). საუკეთესოა ქვევრში დაყენებული რქაწითლის ღვინოები გურჯაანიდან, სიღნაღიდან და სხვა რაიონების ადგილებიდან.
სოკოვან დაავადებათა მიმართ დამაკმაყოფილებელი გამძლეობისაა – ჩვეულებრივ, იგი ჭრაქს უკეთ უძლებს, ვიდრე ნაცარს. ზამთრის ყინვებს უდავოდ კარგად იტანს. ახასიათებს გარემო პირობებისადმი შეგუების კარგი უნარი. ყურძენს სასუფრე ყურძნადაც იყენებენ. იძლევა მაღალი ღირსების უალკოჰოლო წვენს. გამოვლენილია რქაწითლის ვარდისფერმარცვლიანი ვარიაცია, რომელიც 1948 წელს იქნა აღმოჩენილი ვ. ლოლაძის მიერ.
რკო თეთრი
ბეგლარის ყურძენი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, იმერეთიდან. მისგან იწარმოება საკმაოდ ხარისხიანი და ჰარმონიული სუფრის თეთრი ღვინო. რკო თეთრს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და მაღალი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის შუა რიცხვებში. საშუალო გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.
მხარგრძელი
მხარგრძელი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კახეთიდან, მისგან მზადდება ევროპული ტიპის სუფრის მშრალი ღვინო. ხასიათდება ღია ჩალისფერით, სუსტი ჯიშური არომატითა და ნაზი გემოთი. გამოირჩევა სოკოვანი დაავადებებისა და გარემო პირობების მიმართ შედარებით კარგი გამძლეობით. ჭრაქის მიმართ მისი გამძლეობა შეფასებულია საშუალოდ, ნაცრის მიმართ მისი გამძლეობა საშუალოზე დაბალია. ჯიში უძლებს ყურძნის ჭიას, ფილოქსერის მიმართ მისი გამძლეობა, რქაწითელთან შედარებით, დაბალია. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.
მცვივანი რაჭული
რაჭული მცვივანი ადგილობრივი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია ძირითადად რაჭაში და იძლევა სუფრის ხარისხოვან ღვინოს. ადგილობრივ მევენახეთა შორის მცვივანი ცნობილია აგრეთვე მცვივანას სახელწოდებით. ღვინო ხასიათდება ხალისიანი, საკმაოდ სხეულიანი, სურნელოვანი და სასიამოვნო გემოთი. ზემო რაჭაში მისგან დგება ხარისხიანი სუფრის თეთრი ღვინო. იძლევა კარგ მასალას ცქრიალა ღვინოსთვის. საადრეო-საშუალო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. შედარებით კარგი გამძლეობით ხასიათდება ნაცრის მიმართ, ჭრაქისა და ფილოქსერის მიმართ კი სუსტ გამძლეობას იჩენს. კარგადაა შეგუებული რაჭის პირობებს. ზრდის სიძლიერე საშუალოა. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.
მირზანული თეთრი
მირზანული თეთრი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კახეთიდან; იგი იძლევა სუფრის მშრალ ღვინოს. ღვინო ხასიათდება ღია ჩალისფერით, სუსტად გამოსახული ჯიშური არომატით, სასიამოვნო გემოთი, მცირესხეულიანობით. საშუალოდ გამძლეა სოკოვანი დაავადებების მიმართ – შედარებით უკეთ უძლებს ჭრაქს, ვიდრე ნაცარს. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.
მაური თეთრი
მაური თეთრი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, გურიიდან, მისგან აწარმოებენ ადგილობრივი მოხმარების სუფრის თეთრ ღვინოს; იგი დაბალი ხარისხისაა და ალკოჰოლის მცირე შემცველობის გამო ცუდად ინახება. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ან საშუალოზე დაბალი ზრდისაა. ძლიერად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით (განსაკუთრებით ჭრაქით). აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის. ამჟამად წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.
კურკენა
კურკენა ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კახეთიდან, მისგან მზადდება სუფრის თეთრი ღვინო. დამახასიათებელია საშუალო სხეული, ალკოჰოლის დაბალი შემცველობა, ჯიშური არომატი. გამოიყენება ადგილობრივი მნიშვნელობის სასუფრე ყურძნადაც. სოკოვანი დაავადებების მიმართ გამძლეობა საშუალოა, ნაცრის მიმართ – საშუალოზე სუსტი. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.
კუმსი თეთრი
კუმსი თეთრი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კახეთიდან, გამოიყენებოდა ე.წ. ორდინალური ტიპის სუფრის ღვინის დასამზადებლად. ღვინო ჩალისფერი, სუსტად გამოსახული ჯიშური არომატით, დამახასიათებელია საშუალოზე მცირე ალკოჰოლის შემცველობა და სხეული, სასიამოვნო გემო და მჟავიანობა. მოსავალს იძლევა ადრე; სოკოვანი დაავადებების მიმართ გამძლეა – კარგად უძლებს ჭრაქს და საშუალოდ ნაცარს. ფილოქსერას მიმართ ახასიათებს საშუალო გამძლეობა. იწურება ძირითადად რქაწითელსა და მწვანესთან ერთად. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.
კრახუნა
კრახუნა ადგილობრივი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, მისგან მზადდება იმერული ტიპის მაღალალკოჰოლიანი სასუფრე თეთრი ღვინო. ჯიში გამოსადეგია აგრეთვე მაგარი და სადესერტო ღვინოების დასამზადებლად. კრახუნა გავრცელებულია ძირითადად იმერეთში.
ვეროპული წესით დაყენებული ღვინო მოყვითალო – ჩალისფერია, ხასიათდება სისრულით, ენერგიით დ სასიამოვნო გემოთი. იმერული წესით დაყენებული უფრო მუქად არის შეფერილი, მოქარვისფრო – ყვითელია, ხასიათდება თავისებური ჯიშური არომატით. ენერგიით, დიდი სხეულით და ოდნავ უხეშობით ახალგაზრდობაში. დავარგებისას ღვინო საგრძნობად უმჯობსება, ივითარებს ძლიერ ბუკეტს, უფრო ნაზი და ჰარმონიული ხდება. კრახუნას ღვინოს აქვს მწიფე მსხლის გემო, ბალახის ტონები და სასიამოვნო მჟავიანობა. საქართველოს ღვინის კომპანიები ასხავენ კრახუნას ჯიშურ ღვინოს.
სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს – ოქტომბრის დასაწყისში. მაღალხარისხოვან ღვინოს იძლევა ნეშომპალა-კარბონატულ, ტყის კარბონატულ და სუსტად გაეწრებულ ნიადაგებზე. ჭრაქის მიმართ ნაკლებად გამძლეა, ვიდრე ნაცრის მიმართ. ზამთრის ყინვებს კრახუნა შედარებით კარგად უძლებს.
მწვანე კახური
მწვანე კახეთის სტანდარტული ვაზის ჯიშია, იძლევა ევროპული და კახური ტიპის მაღალხარისხოვან თეთრ სუფრის ღვინოს. სახელწოდება მიღებული აქვს მწიფე მარცვლების მოყვითალო-მწვანე ფერის გამო. მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაში და ადგილობრივ მევენახეთა გადმოცემით მწვანე ძველად ბევრი სხვა (დამატებითი) სახელითაც ყოფილა ცნობილი, როგორიც არის: მწვანე, ნაბადა მწვანე, მჭკნარა.
მწვანე მაღალახარისხოვანი საღვინე ჯიშია. კახეთის თეთრი ჯიშებიდან მწვანე ყველაზე უფრო ნაზ და არომატულ სასუფრე ღვინოს იძლევა. მისგან მზადდება როგორც ევროპული, ასევე კახური ტიპის მაღალხარისხოვანი ღვინოები. იყენებენ სხვა ჯიშის ღვინოების გასაუმჯობესებლად. შედის ადგილწარმოშობის კონტროლირებადი ზონის „მანავის“ (75% მწვანე კახური + 15% რქაწითელი) და „წინანდალის“ შემადგენლობაში (15%-მდე მწვანე კახური + 75% რქაწითელი). ღვინოს ახასიათებს ციტრუსის არომატი, ტროპიკული ხილის ტონები, მაღალი ალკოჰოლის შემცველობა და მჟავიანობა. ქართული ღვინის კომპანიები ამზადებენ ევროპული ტიპისა და ქვევრის ღვინოს.
კახური წამყვანი ჯიშებს შორის მწვანე ყველაზე ნაკლებად უძლებს ნაცარს, ხოლო ვაზის ჭრაქს – უკეთესად. საშუალო ზრდის სიძლიერის ჯიშია. ფართოდაა გავრცელებული საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
მცვივანი კახური
კახური მცვივანი ადგილობრივი მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიშია, მისი სინონიმებია მამალი მცვივანი, დედალი მცვივანი და მცვივანი. მისგან წარმოებული ღვინო ხასიათდება ღია ჩალისფერი, გამჭვირვალე, მცირესხეულიანი, სპეციფიკური ჯიშური არომატით, ნაზი და ჰარმონიული გემოთი. მცვივანი საშუალო ზრდის, მაღალმოსავალიანი, სიმწიფის მესამე პერიოდის ვაზის ჯიშია. მსხმოიარობაში ადრე შედის. ხასიათდება ყინვებისა და სოკოვან დაავადებათა, განსაკუთრებით ნაცრის მიმართ მაღალი გამძლეობით, ყურძნიდან ღვინის მაღალი გამოსავალით. პერსპექტიულია ყურძნის წვენის, საკონიაკე ღვინომასალებისა და კახური ტიპის, ტრადიციული ქვევრის ღვინის დასამზადებლად.
ინგილოური
ინგილოური ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კახეთიდან, მისგან მზადდება ევროპული ტიპის ნაზი, მცირესხეულიანი, თეთრი სუფრის ღვინო, რომელიც ქარვისფერია, გამჭირვალე, აქვს ნაზი, ჰარმონიული გემო. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს. სოკოვანი დავადებების მიმართ საშუალო გამძლეობისაა. ჭრაქის მიმართ გამძლეობა შეფასებულია საშუალოდ, ნაცრის მიმართ – საშუალოზე მცირედ.
თბილური
თბილური ადგილობრივი ვაზის ჯიშია, რაჭა-ლეჩხუმიდან, იგი გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასაყენებლად და გამჭვირვალე ჩალისფერი, მსუბუქი, სასიამოვნო გემოთი გამოირჩევა. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს. თბილურს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და მაღალი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ.
ზაქათალის თეთრი
ზაქათალის თეთრი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ კახეთიდან, იგი გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასაყენებლად და წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს. ზაქათალის თეთრი სოკოვან დაავადებათა მიმართ საშუალო გამძლეობისაა. რქა ღია ყავისფერი, მუქი ყავისფერი ზოლებით, მუხლთაშორისების სიგრძე 10-12 სმ. ერთეული ძირების სახით გავრცელებული იყო ზაქათალის ვენახებში. საშუალო პერიოდის სიმწიფის ჯიშია.
დონდღლაბი თეთრი
დონდღლაბი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, გავრცელებულია შუა და ზემო იმერეთში. იძლევა საშუალო ღირსების სუფრის თეთრ ღვინოს. სასოფლო-სამეურნეო ლიტერატურაში და ადგილობრივ მევენახეთა შორის დონღლაბი ცნობილია აგრეთვე “მჭკნარას”, “მჭკნარა დონღდლაბის” და “დონდღლაბის” სახელწოდებით. იგი წარმოშობილია კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოქმნის _ კოლხეთის კერიდან.
მისგან წარმოებული ღვინო ყვითელი ფერისაა, გამჭვირვალე, ხასიათდება კარგად გამოსახული ჯიშური არომატით და საკმაო სხეულით. საშუალო გამძლეობას ამჟღავნებს ჭრაქის მიმართ, ხოლო ნაცრის მიმართ შედარებით კარგი გამძლეობით ხასიათდება. გვალვის მიმართ კარგი გამძლეობა დაფიქსირდა კახეთის პირობებში. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.
გრძელმტევანა
გრძელმტევანა ნაკლებად გავრცელებული პერსპექტიული ვაზის ჯიშია, იგი იძლევა მაღალი ხარისხის სუფრის თეთრ ღვინოს. მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაში გრძელმტევანა ცნობილია ტყის ვაზის სახელწოდებით. გრძელმტევანა პირველად გამოვლინდა საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების ექსპედიციური შესწავლ-შეგროვების დროს _ 1933 წელს. იგი აღწერილია ტყის ვაზის სახელწოდებით სოფ. ბოდბისხევში (სიღნაღის რ-ნი) მ. ციბუკაშვილის საკარმიდამო ნაკვეთზე.
გრძელმტევანა საშუალო მოსავლიანი ვაზის ჯიშია. მისგან მზადდება სუფრის ღვინო, ნაწილობრივ იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის სასუფრე ყურძენი.
გორული მწვანე
საქართველოში გავრცელებულ თეთრყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის მწვანე ფართოდ ცნობილი სახელწოდებაა. ასე მაგალითად, კახეთის რაიონებში ცნობილია მწვანე და ნაბადა მწვანე; ქართლში _ გორული მწვანე, მწვანე, ჯიშიანი მწვანე და ლურჯი მწვანე; მესხეთში _ საფარის მწვანე; იმერეთში _ოკრიბული მწვანე; რაჭაში _ მწვანე; გურიასა და აჭარაში _ მწვანე და მწვანა და შავშეთ-კლარჯეთში _ მწვანურა. როგორც ჩანს, საქართველოს თითქმის ყველა რაიონშია `მწვანე~ გავრცელებული, მაგრამ დასახელებული ჯიშები თავიანთი ამპელოგრაფიული ნიშნებით და სამეურნეო თვისებებით მკვეთრად განსხვავდებიან, რის გამოც ურთიერთისაგან გარჩევის მიზნით თითოეულ მათგანს ქართველმა მევენახემ კუთხისა ან მხარის დამატებითი სახელიც კი შეარქვა (კახური მწვანე, საფარის მწვანე, ოკრიბული მწვანე, რაჭული მწვანე და სხვ.).
აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ზემოთ აღნიშნულ მწვანის ჯიშის წარმომადგენლებისათვის სამართლიანად შეურქმევიათ მარცვლის ფერის ამსახველი სახელი, რადგან სრული მწიფობის პერიოდში ამ ჯიშის ვაზის ყურძენი, განსაკუთრებით დაჩრდილულ ადგილებში, იფერება მუქ ან ღია მწვანედ. კერძოდ ქართლის თეთრყურძნიან ჯიშებს შოროის გორული მწვანე ძველთაგანვეა ცნობილი, როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში, რის გამოც იგი ამ მხარისათვის სამართლიანადაა მიჩნეული ძირითად სტანდარტულ ჯიშად. იგი გამოიყენება მაღალი ხარისხის სუფრის და ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. ღვინო ღია ჩალისფერია, ნაზი, საკმაოდ სხეულიანი, ჰარმონიული, ევროპული სტილის სუფრის ღვინისათვის დამახასიათებელი სასიამოვნო გემური თვისებებით. საქართველოს ღვინის კომპანიები ასხავენ გორული მწვანის ჯიშურ ღვინოს, რომელსაც თაფლისა და ველური ყვავილების მიმზიდველი სურნელი აქვს.
ზამთრის ყინვებს კარგად უძლებს. ახასიათებს საკმაო ყვავილცვენა და წვრილმარცვლიანობა. მგრძნობიარეა ჭრაქის მიმართ, ნაცრის მიმართ შედარებით გამძლეა.
გორულა
გორულა ქართლის თეთრყურძნიანი ვაზის აბორიგენული ჯიშია. სამეურნეო თვალსაზრისით მიეკუთვნება ხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს, ამის დამადასტურებელია: მტევნის გარეგნული სილამაზე, სიდიდე, მოყვანილობა, მარცვლის ფერი, სიმსხო, ხორციანობა და ფრიად კარგი გემო; აგრეთვე ყურძნის შენახვის დიდი უნარი, ტრანსპორტაბელობა, ვაზის ზრდის სიძლიერე და საკმაოდ უხვი მოსავლიანობა. გორულას ასევე იყენებენ ადგილობრივი მოხმარების სუფრის თეთრი ღვინოების დასამზადებლად სხვა ჯიშებთან ერთად დაწურვით. ნაცრის მიმართ შედარებით მგრძნობიარეა, მაგრამ ჭრაქის მიმართ კარგი გამძლეობით ხასიათდება. ყურძენი კარგად ინახება და ტრანსპორტაბელურია.
გომის თეთრი
გომის თეთრი საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. სოკოვან დაავადებათა მიმართ საშუალო გამძლეობით გამოირჩევა. მცირედ იყო გავრცელებული იმერეთის მევენახეობის ზონაში. ამჟამად წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს. იძლევა ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენს და საკუპაჟე მასალას სუფრის ღვინოების დასამზადებლად.
ბუდეშური თეთრი
აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულ ვაზის ადგილობრივ ჯიშებს შორის ბუდეშური ყურადღებას იპყრობს, როგორც სუფრის ყურძნისა და ორდინარული პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში. ქართლისა და იმერეთის ზოგ რაიონში იგი ცნობილია “თეთრი ბუდეშურის” სახელწოდებით, განსხვავებით შავი ანუ წითელი ბუდეშურისაგან, რომლის გავრცელების არეალი ძირითადად კახეთით განისაზღვრება. მას ეძახიან აგრეთვე ბუდეშურის ყურძენს, ხოლო სპეციალურ ლიტერატურაში (პროფ. ს. ჩოლოყაშვილი, აკად. ივ. ჯავახიშვილი, დოც. ნ. ჩახნაშვილი), მოხსენებულია “ბუდეშურის” – სახელით .
მისგან მზადდება ღია ჩალისფერი, გამჭვირვალე, მცირე ექსტრაქტული, მასობრივი მოხმარების მსუბუქი სუფრის ღვინო. წარსულში ჩინურთან კუპაჟით ამზადებდნენ მეტად სასიამოვნო სასმელ, შუშხუნა ტიპის სუფრის ღვინოს. იმავე ჩინურთან და გორულ მწვანესთან სეპაჟით მონაწილეობდა ცნობილი „ატენური“ ღვინის შემადგენლობაში.
ნაცრის მიმართ შედარებით მიმღებია და უფრო მედეგია ჭრაქის მიმართ. მომთხოვნია ნიადაგური პირობების მიმართ. იგი წარმატებით ვითარდება ყველა ტიპის ნიადაგზე, გარდა მლაშე და ყურძენს ახასიათებს დაბალი ტრანსპორტაბელურობა.
ბეგლარის ყურძენი
ბეგლარის ყურძენი ადგილობრივი, ნაკლებად გავრცელებული ვაზის ჯიშია, კერძოდ კახეთიდან, იგი გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით და გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი და საკუპაჟე ღვინოების დასაყენებლად. იგი წარმოადგენს საგვიანო სიმწიფის საღვინე ჯიშს. ზრდის სიძლიერე საშუალო. სოკოვან დაავადებათა მიმართ ახასიათებს საშუალო გამძლეობა.
ბაზალეთური
ბაზალეთური ადგილობრივი, ნაკლებად გავრცელებული ვაზის ჯიშია, კერძოდ იმერეთიდან, იგი იძლევა ხარისხოვან სუფრის თეთრ და ცქრიალა ღვინოს. ბაზალეთურის სინონიმებია, ბაზალეთური ცოლიკოური და მწვანე ცოლიკოური.
სუფრის თეთრი ღვინო, ბაცი ყვითელი ფერის, ხილის არომატით, ნაზი, საკმაოდ სრული, სასიამოვნო, ცოცხალი გემოებით ხასიათდება. ცქრიალა ღვინო – ჩალისფერი, ნაზი ჯიშური არომატით, მაღალი, მაგრამ სასიამოვნო მჟავიანობით და ხარისხიანი შუშხუნით გამოირჩევა. სუფრისა და ცქრიალა ღვინოები დაძველებით უმჯობესდება, მაღალი მჟავიანობა მცირდება და ღვინო ხდება რბილი და ჰარმონიული, კარგი ბუკეტით.
ბაზალეთურს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და კარგი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. ნაკლებად ავადდება სოკოვანი დაავადებებით. დასავლეთ საქართველოს ჯიშებს შორის გამოირჩევა ყინვა- და გვალვაგამძლეობით.
ჩიტისთვალა
ჩიტისთვალა ადგილობრივი, ნაკლებად გავრცელებული ვაზის ჯიშია, იგი იძლევა ხარისხოვან სუფრის თეთრ და სადესერტო ღვინოს. ჯიშის მცირე გავრცელების გამო სინონიმები, როგორც ადგილობრივ მევენახეთა შორის, ისე მევენახეობის ლიტერატურულ წყაროებში ცნობილი არაა. ჩიტისთვალა წარმოქმნილია კულტურულ ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოშობის ადგილობრივ კერიდან. სახელწოდება `ჩიტისთვალა – ჯიშს შერქმეული აქვს თავისი მარცვლის ფორმისა და სიმსხოს გამო, რომელიც სხვა ჯიშების მარცვალთან შედარებით, მართლაც, ჩიტის თვალივით მრგვალი და წვრილია. ამჟამად ჩიტისთვალა გავრცელებულია კახეთში, ძირითადად, გურჯაანის, თელავისა და სიღნაღის რაიონებში, უფრო ხშირად ნარევის სახით.