ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო კონკურსი 21 და 22 ივნისს ჩატარდა


ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო კონკურსი 21 და 22 ივნისს ჩატარდა


ასოციაცია“ ქართული ღვინო“- ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2019 წლის 21 და 22 ივნისს, საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მესამედ ჩატარდა.

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად 2017 წელს ჩატარდა და მას შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების ინტერესი ქვევრში ღვინის დაყენების მიმართ. წელს, 2017 წელთან შედარებით კონკურსზე, 85%-ით მეტი ღვინის ნიმუში იყო წარდგენილი.

კონკურსში გამარჯვებულ ნიმუშებს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს დიპლომები გადაეცემათ.

გამარჯვებულები უცხოელი და ქართველი ღვინის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის წევრებმაც ორი დღის განმავლობაში 120 კომპანიის 332 ნიმუში გაისინჯა და შეაფასა. ჟიურის თავმჯდომარე საქართველოს დამსახურებული მეღვინე გიორგი დაქიშვილი იყო. აღსანიშნავია რომ წელს პირველად კონკურსის ჟიურის შეუერთდა გერმანელი ენოლოგი, ღვინის მცოდნე, გერმანიის ეროვნული ღვინის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, დოქტორი, გეორგ ბინდერი.

ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით ჩატარებული პირველი ქვევრის ღვინის სიმპოზიუმის შემდეგ, ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდერეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს აღიარება მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებისთვის და კონკურსის მთავარი მიზანიც სწორედ ეს გახლავთ; კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელი ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიოში.

2017 წელს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და ზოგადად, ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე.