მეღვინეობა ხარება


მეღვინეობა ხარება


ყვარელში, ალაზნის ველის განაპირას მდებარეობს „მეღვინეობა ხარებას“ უნიკალური ღვინის საცავი – გვირაბი. გვირაბი კავკასიონის კლდის მასივშია გამოკვეთილი, იგი 1962 წელს სპეციალურად ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესისთვის გაიხსნა და ამჟამად „მეღვინეობა ხარება“-ს ღვინის საცავს წარმოადგენს. აქ რამდენიმე ათეული წელი ინახებოდა კახეთის რეგიონის საუკეთესო ღვინოები. მასში მთელი წლის მანძილზე შენარჩუნებულია ბუნებრივი ტემერატურა 12-14 C გრადუსი, ხოლო ტენიანობა 70%-ს შეადგენს, რაც იდეალურ პირობას ქმნის ღვინის შენახვისა და დაძველებისათვის. გვირაბში წარმოდგენილია ორი მთავარი და 13 მათი დამაკავშირებელი 500 მეტრიანი გვირაბი. აღნიშნული კონსტრუქციის საერთო სიგრძე 7.7 კმ-ია. გვირაბის ორივე შესასვლელს თავისი დაიშნულება აქვს, პირველი ე.წ ტურისტული მნიშვნელობისაა, ხოლო მეორე ინდუსტრიული, სადაც დიდი რაოდენობით მეტალისა დამუხის ჭირჭელში ხდება ღვინის შენახვა, მოვლა და დავარგება. აქვე არის ბოთლირებული ღვინის საცავი, სადაც „მეღვინეობა ხარებას“ 25 000 ბოთლზე მეტი საუკეთესო ხარისხის ღვინო ინახება. 2011 წელს „მეღვინეობა ხარებამ“ ღვინის საცავის გარშემო განავითარა ტურისტული ინფრასტრუქტურა: დიდი რეკრეაციული პარკი მდინარითა და უძველესი ქვევრებით, ძველი ქართული წყლის წისქვილი, ქართული ტრადიციული პურის საცხობი – თონე, ჭაჭის სახდელი, ძველი მარანი საწნახელითა და ქვევრებით, საკალმახე, ფაცხები და მაყალი. სტუმრებს საშუალება ეძლევათ დააგემოვნონ „მეღვინეობა ხარება“-ს 40-ზე მეტი დასახელების ღვინო, გამოხადონ ჭაჭა, გამოაცხონ პური, ამოავლონ ჩურჩხელა, შეწვან მწვადი, მონაწილეობა მიიღონ რთველში და დაწურონ ღვინო. ტურისტულ კომპლექსში შედის ასევე პრემიუმ კლასის რესტორანი „ხარება“, რომელიც მთაზეა განთავსებული და ღვინის საძველეს ლიფტით უკავშრდება. რესტორანი გათვლილია 300 სტუმარზე და მის მთავარ ასპექტს ქართული ღვინო და ტრადიციული ქართული კერძები წარმოადგენს. რესტორანი არქიტექტურულად მაქსიმალურადაა შერწყმული ბუნებასთან, აქ არის ჩანჩქერი, რესტორნის ბაღი მრავალწლიანი ხეებით, მთის მდინარე, რესტორნის კოშკურა და ვერანდა, საიდანაც იშლება ალაზნის ველისა და ყვარლის ვენახების ულამაზესი ხედი.