საქართველო ღვინის სამშობლო


საქართველო ღვინის სამშობლო


აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალი PNAS (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალი) აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „Early Neolithic wine of Georgia in the South Caucasus“ („საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“). ქართველებთან ერთად, სტატიის ავტორები არიან მეცნიერები აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, დანიიდან და ისრაელიდან.

სტატია მოგვითხრობს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის ახლადჩატარებული მულტიდისციპლინარული კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ აყენებდნენ.

2014 წლიდან, „ასოციაცია ქართული ღვინო“-ს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტო ხელმძღვანელობს საერთაშორისო მულტიდისციპლინარულ პროექტს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“. მასში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობენ პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) თანამშრომლები. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე, ხოლო კოორდინატორი − ღვინის ეროვნული სააგენტოს მეცნიერი, დოქ. დავით მაღრაძე.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ნეოლითური ხანის (ძვ.წ. VI ათასწლეული) ძეგლების კვლევა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. სხვადასხვა დროს მას ხელმძღვანელობდნენ ალექსანდრე ჯავახიშვილი, ოთარ ჯაფარიძე და თამაზ კიღურაძე. ამჟამად გათხრებს ხელმძღვანელობს არქეოლოგი მინდია ჯალაბაძე. უკანასკნელ წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციების მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ტორონტოს უნივერსიტეტი.

პროექტის ფარგლებში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის პატრიკ მაკგოვერნის ხელმძღვანელობით ჩატარებული ბიომოლეკულარული კვლევების შედეგად მარნეულის რაიონში მდებარე ნეოლითის პერიოდის „გადაჭრილი გორის“ და „შულავერის გორის“ არქეოლოგიურ ძეგლზე უკანასკნელი პერიოდის გათხრების დროს აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის კედლებზე ღვინისათვის დამახასიათებელი ორგანული მჟავების (ღვინის მჟავა, ვაშლმჟავა, ქარვამჟავა და ლიმონმჟავა) არსებობა დადასტურდა, რაც Vitis vinifera-ს ვაზის ჯიშისგან დამზადებული ღვინის მარკერია. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერების ელისო ყვავაძისა და ნანა რუსიშვილის მიერ მუზეუმში ჩატარებულმა პალეობოტანიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ადრეული ნეოლითის ხანაში ამ რეგიონში ვაზის კულტურა ფართოდ იყო გავრცელებული. მილანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ოსვალდო ფაილას ხელმძღვანელობით აღადგინეს ძვ.წ. VI ათასწლეულის კლიმატი და დაადასტურეს, რომ ქვემო ქართლში 8000 წლის წინ ვაზის კულტივირებისთვის შესაბამისი პირობები იყო. ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში ელიზაბეტა ბოარეტოს ხელმძღვანელობით განხორციელებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად C14-ის დათარიღების მეთოდით ნიმუშების ასაკი განისაზღვრა ძვ.წ. 6000-5800 წლებით, რაც 600 წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე უძველესად მიჩნეული ღვინის კვალი ზაგროსის მთიანეთიდან (ირანი). ამრიგად, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის შემდეგ გავრცელდა მთელს მსოფლიოში და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და, ზოგადად, ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე.