საქართველო – ღვინის სამშობლო


საქართველო – ღვინის სამშობლო


საქართველო უკვე დიდი ხანია ღვინის სამშობლოს სტატუსით სარგებლობს. აქ მევენახეობა-მეღვინეობის მსოფლიოში უძველესი ნაკვალევია აღმოჩენილი. ღვინის ისტორია ნეოლითის ხანაში დაიწყო და ამის დამადასტურებელი ფაქტები ყველაზე ცხადად ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდა. რამდენიმე ათეული წლის წინ, ქვემო ქართლში, თბილისის სამხრეთით, მარნეულის ველზე, დანგრეული გორას ნასახლარში არქეოლოგებმა ძვ.წ. VI ათასწლეულის ვაზის რამდენიმე წიპწა აღმოაჩინეს და მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით იგი ვაზის კულტურულ სახეობას, Vitis Vinifera Sativa-ს მიაკუთვნეს, გარდა ამისა, მეცნიერებმა შეისწავლეს გადაჭრილი გორას ნამოსახლარზე აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის რამდენიმე ფრაგმენტი. ქიმიური ანალიზის შედეგად თიხის ჭურჭელზე ღვინის მჟავის კალციუმის მარილის არსებობა დადასტურდა. კერამიკული მასალის კედლებზე ღვინის მჟავის წყარო მხოლოდ ღვინო ან ყურძნის წვენი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამ აღმოჩენებმა დაადასტურეს, რომ ადამიანისა და ვაზის ურთიერთობა ძვ.წ. VI ათასწლეულიდან დაიწყო და რომ საქართველოს ტერიტორიაზე არამხოლოდ პირველი კულტურული ვაზი გვხვდება, არამედ ღვინის პირველი ნაშთებიც.