ატენი (ატენური)


ატენი (ატენური)


ატენი შიდა ქართლში, გორის ადმინისტრაციულ რაიონში მდებარეობს, თრიალეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე, მდინარე ტანას მარჯვენა და მარცხენა ფერდობებზე. ვენახები მოქცეულია 620 მეტრიდან 750 მეტრამდე სიმაღლის ფარგლებში და მოიცავს სოფლებს: პატარა ატენს, გარდატენს და დიდ ატენს.

ზვრები: დავით კაზვარი (დიდ ატენში), ხორგუაანთეული (ჯებირი), მეურმეანთეული, ჭეჭელაანთუბანი, ჭიკუაანთეული (სიონში), დვალიაანთეული.

ფართობი სულ 14,5 კვადრატული კილომეტრია. კლიმატი ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულ კლიმატურ ოლქს მიეკუთვნება, რომელიც ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი კლიმატით, ცხელი ზაფხულითა და ცივი ზამთრით ხასიათდება. მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2200-2300 საათი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა საკმაოდ დაბალია – 10.7 გრადუსი, ნალექების წლიური ჯამი ხეობის ზემო ნაწილში – 560მმ. მტკვრის ხეობაში გაბატონებული ქარები ტანას ხეობაში შესამჩნევად სუსტდება. გავრცელებულია თიხნარი და ლამიანი ნიადაგები.

ვაზის ჯიშები: ჩინური და გორული მწვანე.

ღვინო: ატენური ჯერ კიდევ შუასაუკუნეებში იყო ცნობილი, ატენურს ე.წ. ბუნებრივ ცქრიალა ღვინოსაც უწოდებენ. ხეობაში დღესაც აქტიურად მისდევენ მევენახეობა-მეღვინეობას. იგი მზადდება ჩინურისა და გორული მწვანის ყურძნისაგან. ღვინო ხასიათდება ჩალისფერი შეფერვით, ჰარმონიული გემოთი და ხილის ტონებით.