გეორგ ბინდერი


გეორგ ბინდერი


🖤 დღეს ვემშვიდობებით გეორგ ბინდერს. დოქტორი ბინდერი გერმანიის ქალაქ ნოიშტატის მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ენოლოგიის ჯგუფის ხელმძღვანელი, გერმანელი სტუდენტების თაობების უცვლელი ლექტორი, ღვინის ექსპერტი, კონსულტანტი და მკვლევარი, ღვინის დარგის არაერთი საერთაშორისო დარგობრივი სტრუქტურის წევრი და საქართველოს დიდი მეგობარი იყო. გეორგ ბინდერის სახელთან მყარად არის დაკავშირებული ქართული ღვინის აღორძინება და ახალი სოცოცხლე. ქართულმა მეღვინეობამ უკანასკნელი 23 წლის განვითარების გზა გეორგ ბინდერთან ერთად და მისი დიდი გულშემატკივრობითა და ხელშეწყობით გამოიარა. ბატონი ბინდერი 12 წლის განმავლობაში იყო დაკავებული ქართული ღვინის დარგის ხელშეწყობით როგორც გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის კონსულტანტი, შემდგომ კი ამ საქმეს „ასოციაცია ქართული ღვინო“ – სა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით განაგრძობდა. გეორგ ბინდერის სახელს უკავშირდება ქართველი მეღვინეების პირველი ვიზიტები გერმანიაში, იქაური მარნებისა და ვენახების, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სისტემის გასაცნობად და გერმანელ მეღვინეებთან და მევენახეებთან მრავალწლიანი მჭიდრო კავშირების დასამყარებლად. მის სახელს უკავშირდება პირველი სადეგუსტაციო კურსები სხვადასხვა თაობის ქართველი მეღვინეებისთვის, სენსორიკის პირველი სემინარები, გერმანელი მეღვინეობის დარგის კურსდამთავრებული სტუდენტების გამოსაშვები მოგზაურობები საქართველოს მეღვინეობის გასაცნობად. გეორგ ბინდერის სახელს უკავშირდება საფერავის პირველი სტანდარტი და პირველი ქართული აისვაინი. დოქტორი ბინდერი აქტიურად იყო ჩართული პირველი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ქართული ლაბორატორიის ჩამოყლიბებისა და განვითარების პროცესში, მუდმივად კითხულობდა ლექციებს არაერთ ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მან გადაამზადა ქართველი დეგუსტატორების არაერთი ჯგუფი, ბევრმა ქართველმა სტუდენტმა მიიღო განათლება გერმანიაში გეორგ ბინდერის უშუალო ჩართულობითა და ხელშეწყობით. გეორგ ბინდერმა საქართველოსთვის შექმნა მევენახეობა-მეღვინეობის დარგის საგანმანათლებლო კონცეფცია. გეორგ ბინდერი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში ღვინის საერთშორისო გამოფენისა და კონკურსის დაარსების პროცესში და არაერთი წლის განმავლობაში იყო საქართველოში ჩატარებული ძალიან ბევრი საეთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე და წევრი სხვადასხვა კონკურსების დროს. წლების განმავლობაში გეორგ ბინდერი დიდი სიხშირით ატარებდა ქართული ღვინის დეგუსტაციებსა და სემინარებს ქართული ღვინის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ღვინის დარგის წარმომადგენელბისთვის – სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის, სომელიეებისა და დეგუსტატორების, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის. 2000 წელს საქართველოს უმნიშვნელოვანეს გამოფენა „პროვაინზე“ პირველი გამოჩენიდან დაწყებული, ყოველ წელს აქტიურად იყო ჩართული ამ გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენის პროცესში. ეს ჩამონათვალი სულაც არ არის სრული. ბევრი ჩვენთაგანისთვის, და ეს სხვადასხვა თაობის ბევრ ადამიანზე შეიძლება ითქვას, გეორგ ბინდერი მასწავლებელიც იყო, ძალიან ახლო მეგობარიც და დიდი დასაყრდენი ქართული ღვინის დარგის განვითარების რთულ გზაზე. გეორგ ბინდერის წასვლა დიდი და მძიმე დანაკლისია არა მარტო გეორგის უამრავი ქართველი მეგობრისთვის, არამედ მთელი ქართული მეღვინეობის დარგისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ გეორგ ბინდერი ნამდვილად დააკლდება გერმანიისა და მსოფლიო მეღვინეობის დიდ ოჯახს.

იხილეთ ასევე

თეგები :

  • ქვევრი
  • ქართული
  • ღვინო
  • ისტორია