საქართველო მეღვინეობის აკვანი


საქართველო მეღვინეობის აკვანი


საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ღვინის ცივილიზაციების ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) საქართველო, პირველი საპატიო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი. 2017 წლის 31 ივლისს, გამოფენა „საქართველო-ღვინის აკვანი“ ოფიციალურად გაიხსნა.  14 სექტემბერს ცენტრის შესასვლელში მუდმივ ექსპოზიციად ქართული ქვევრიც დაიდგა იმის აღსანიშნავად, რომ „იუნესკომ“ 2013 წელს ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა.

საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა. გამოფენის ფარგლებში გაიმართა არაერთი ღონისძიება –  დეგუსტაციები, სამეცნიერო კონფერენციები და პროფესიონალური შეხვედრები.
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული  ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო  უძველესი ღვინის ცივილიზაციის კერაა.
ბორდო ითვლება ევროპის წამყვან კულტურულ და ტურისტულ ცენტრად და მსოფლიო ღვინის დედაქალაქად, რომელიც ყოველწლიურად  6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს.  ღვინის ცივილიზაციის ცენტრი – Cité des Civilisations Du Vin – განთავსებულია 14 ათას კვ. მეტრზე და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით დამთვალიერებლებს ღვინის ცივილიზაციის ისტორიასა და თანამედროვეობას აცნობს.

მოცემული პროექტის ორგანიზებაში ჩართული იყო: მთავრობის ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის, კულტურის, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები, საქართველოს საელჩო საფრანგეთში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ასოციაცია „ქართული ღვინო“, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი-საქპატენტი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ღვინის ეროვნული სააგენტო და სხვა ორგანიზაციები.