უსახელოური


უსახელოური


უსახელოური ადგილობრივი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია ცაგერის რაიონში, ძირითადად ზუბი-ოყურეშის მიკროუბანში და იძლევა მაღალი ხარისხის ბუნებრივად ნახევრადტკბილ და სუფრის წითელ ღვინოს. ადგილობრივ მევენახეთა შორის, უფრო ხშირად ამბროლაურის და ონის რაიონში, უსახელოური ცნობილია აგრეთვე ოყურეშულის სახელწოდებითაც. უსახელოური კულტურულ ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოშობის ადგილობრივი კერიდან არის წარმოქმნილი.

უსახელოურის ყურძენი ძირითადად მიდის ბუნებრივად ნახევრადტკბილი წითელი ღვინის დასაყენებლად, თუმცა ასევე იძლევა მაღალი ღირსების სუფრის წითელ ღვინოს, რომელიც ხასიათდება ინტენსიური შეფერვით – ლამაზი ლალისფერი და მწიფე ბროწეულის ფერით, ჯიშური არომატით, სასიამოვნო სიტკბოთი, საკმაო სხეულით და ჰარმონიული გემოთი. საქართველოს ღვინის კომპანიები ასხავენ უსახელოურის ჯიშურ ღვინოს.

სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეობა არადამაკმაყოფილებელია, თუმცა ნაცრის მიმართ საკმაოდ გამძლეა. ადვილად ზიანდება ყურძნის ჭიისაგან. ფილოქსერის მიმართაც მისი გამძლეობა სუსტია. სხვა ჯიშებზე მეტად ზიანდება გაზაფხულის წაყინვებისაგან. საშუალო ზრდისაა. მაღალი ღირსების ღვინოს იძლევა მთის ფერდობებზე, ქვეთიხნარ ხირხატ, კირით მდიდარ ნიადაგებზე. ყურძენი ლეჩხუმში სექტემბრის ბოლოს მწიფდება.