ცოლიკოური


ცოლიკოური


ცოლიკოური ადგილობრივი სტანდარტული ვაზის ჯიშია. იგი ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებში და იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის თეთრ და ბუნებრივად ნახევრადტკბილ სადესერტო ღვინოს. ცოლიკოური დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებში ცნობილია ობჩური ცოლიკოურისა და მელქოს ცოლიკოურის სახელწოდებით, ხოლო ბაზალეთურის ცოლიკოურის სახელწოდებით ზემო იმერეთში გავრცელებული ჯიში საგრძნობლად განსხვავდება ნამდვილ ცოლიკოურიდან და დამოუკიდებელ ჯიშს წარმოადგენს.

ცოლიკოურიდან სამი ტიპის ღვინო მზადდება: იმერული, ევროპული და ბუნებრივად ნახევრადტკბილი. მისი ღვინო გამჭვირვალე, მოყვითალო ფერისაა, ხასიათდება საკმაო სხეულით, შინაარსით და სიხალისით, სიძველეში უმჯობესდება, იძენს სინაზეს და ივითარებს ჯიშისათვის დამახასიათებელ ბუკეტს. იმერეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის შემაღლებულ ადგილებში ცოლიკოური აგროვებს სუფრის ღვინისათვის საკმარისი რაოდენობის შაქარს. შუა და ქვემო იმერეთის რაიონებში ის მეტი რაოდენობით აგროვებს შაქარს და ღვინოც ამ რაიონებში უფრო სრული და ენერგიული დგება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ცოლიკოური მაღალშაქრიანობასთან ერთად ინარჩუნებს საკმაო სიმჟავეს, რაც იძლევა მაღალალკოჰოლიანი, სრული, ენერგიული, საკმაოდ ხალისიანი ღვინის მიღების საშუალებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო „ტვიში“ ცაგერის რაიონის სოფელ ტვიშის სპეციფიკური ზონიდან. ამ ღვინოს ახასიათებს ნაზი გემო, ხილის არომატი, სიტკბო და ბუნებრივი ცქრიალი.

ჭრაქის მიმართ მაღალ, ხოლო ნაცრის მიმართ საშუალო გამძლეობას იჩენს. ადვილად ეგუება გარემო ეკოლოგიურ პირობებს, რითაც აიხსნება ამ ჯიშის მასობრივი გავრცელება მთელ დასავლეთ საქართველოში. ძლიერი ზრდისაა. ყინვის მიმართ გამძლეობა შედარებით დაბალი.