ქისი


ქისი


ქისი ნაკლებად გავრცელებული კახური ვაზის ჯიშია, იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის თეთრ ღვინოს.  ევროპულად დაყენებული მოყვითალო ჩალისფერია, ოქროსფერი იერით. არომატი კარგადაა გამოსახული, ნაზი, სასიამოვნო, ხოლო გემო სრული, ჰარმონიული აქვს. კახურად დაყენებული ღვინო უფრო მაღალი ღირსებისაა – იგი მუქი ჩალისფერია, კარგად გამოსახული ხილის სასიამოვნო არომატით, ნაზი, სრული, შინაარსიანი, გემო ჰარმონიული და ხავერდოვანი. მიიღება ძალიან კარგი ხარისხის სადესერტო ღვინოები.

კარგად უძლებს გვალვას და ხასიათდება კარგი ყინვაგამძლეობით. ნაცრის მიმართ სუსტ გამძლეობას ამჟღავნებს. აქვს მიდრეკილება მარცვლების ობით დაფარვისაკენ, განსაკუთრებით წვიმიან შემოდგომაზე. მსხმოიარობის კოეფიციენტი საშუალოდ 1,2-ს შეადგენს.