ოცხანური საფერე საკმაოდ გავრცელებული იმერული ვაზის ჯიშია. იგი იძლევა სუფრის ხარისხოვან წითელ ღვინოს. მას იყენებენ აგრეთვე სხვა წითელი და თეთრი ღვინის შესაფერად მათი წვენის ოცხანური საფერეს ჭაჭაზე დადუღებით. მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურულ წყაროებში ოცხანური საფერეს სხვა დამატებითი სახელწოდება ცნობილი არაა. ოცხანური საფერე ადგილობრივი ვაზის ჯიშია, წარმოშობილია კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოქმნის კოლხეთის კერიდან.
იწარმოება კარგად შეფერილი, სრული, ხავერდოვანი, ჰარმონიული და სასიამოვნო გემოს მქონე მუქი წითელი ღვინო, მდიდარი სხეულით და კარგად გამოსახული ჯიშური არომატით. იგი კარგად ინახება, უმჯობესდება დავარგებისას და სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით ხასიათდება. ალკოჰოლის შემცველობაა 10–12,5%. ქართული ღვინის კომპანიები აყენებენ ოცხანური საფერეს კარგ ჯიშურ ღვინოებს.
საგვიანო სიმწიფის ჯიშია. ფილოქსერისა და ჭრაქის მიმართ სუსტ გამძლეობას ამჟღავნებს, ხოლო ნაცრის მიმართ – მაღალს. ერთწლიანი რქები შემოდგომით მოყვითალო-წითელია და მონაცრისფრი იერი დაჰკრავს. მაღალი ხარისხის პროდუქციას იძლევა ნეშომპალა-კარბონატულ, ტყის კარბონატულ და ხირხატიან ყომრალ ნიადაგებზე.