ოჯალეში


ოჯალეში


წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენულ ჯიშებს შორის ოჯალეში საქართველოში ძველთაგანვეა ცნობილი. იგი გავრცელებულია უმთავრესად სამეგრელოს მთიან რაიონებში და როგორც წარსულში, ისე ამჟამადაც მისგან აყენებენ მუქი შეფერილობის მაღალხარისხოვან სუფრის წითელ ღვინოს. სამეგრელოში ადგილობრივ მეურნეთა შორის და აგრეთვე ზოგიერთი სპეციალური ნაშრომის მიხედვით ოჯალეში ცნობილია შონურის და სვანურის სახელწოდებითაც. ადგილობრივი შესწავლით დასტურდება, რომ ოჯალეში სამეგრელოს უძველესი ჯიშია და თავისი ბოტანიკური და აგრობიოლოგიური ნიშნებით პონტოს ვაზის ჯიშთა წყებას მიეკუთვნება.

ღვინისათვის დამახასიათებელია კარგი წითელი შეფერვა, ექსტრაქტულობა, ჰარმონიულობა, ენერგიულობა. სხეულთან და ჰარმონიულობასთან ერთად, ახასიათებს შენახვის დიდი უნარი და ტრანსპორტაბელურობა. სიძველეში ღვინო ივითარებს სასიამოვნო ბუკეტს, რაც საერთოდ დამახასიათებელია ხარისხოვანი ღვინისათვის. ალკოჰოლი შეადგენს 13,4%-ს. ოჯალეში ძირითადად გამოყენებულია წითელი ნახვერად ტკბილი ღვინოების დასამზადებლად სამეგრელოში, მაგრამ ჯიშს მოეპოვება კარგი პოტენციალი წითელი, მშრალი ღვინოების დამზადებისათვის. ქართული ღვინის კომპანიები ამზადებენ ჯიშურ ღვინოს.

ოჯალეშის გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მიმართ სუსტია – განსაკუთრებით ადვილად ავადდება ნაცრით. რქის მომწიფება სრული. საკმაოდ მძლავრი ზრდა-განვითარებისაა მაღლარად ფორმირების, და საშუალო – დაბლარად ფორმირების შემთხვევაში. სამეგრელოში მწიფდება ნოემბრის შუა რიცხვებში. ვაზზე დატოვებული ყურძენი დეკემბრამდე ძლებს, ოღონდ ჭკნება.