მწვანე კახური


მწვანე კახური


მწვანე კახეთის სტანდარტული ვაზის ჯიშია, იძლევა ევროპული და კახური ტიპის მაღალხარისხოვან თეთრ სუფრის ღვინოს. სახელწოდება მიღებული აქვს მწიფე მარცვლების მოყვითალო-მწვანე ფერის გამო. მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაში და ადგილობრივ მევენახეთა გადმოცემით მწვანე ძველად ბევრი სხვა (დამატებითი) სახელითაც ყოფილა ცნობილი, როგორიც არის: მწვანე, ნაბადა მწვანე, მჭკნარა.

მწვანე მაღალახარისხოვანი საღვინე ჯიშია. კახეთის თეთრი ჯიშებიდან მწვანე ყველაზე უფრო ნაზ და არომატულ სასუფრე ღვინოს იძლევა. მისგან მზადდება როგორც ევროპული, ასევე კახური ტიპის მაღალხარისხოვანი ღვინოები. იყენებენ სხვა ჯიშის ღვინოების გასაუმჯობესებლად. შედის ადგილწარმოშობის კონტროლირებადი ზონის „მანავის“ (75% მწვანე კახური + 15% რქაწითელი) და „წინანდალის“ შემადგენლობაში (15%-მდე მწვანე კახური + 75% რქაწითელი). ღვინოს ახასიათებს ციტრუსის არომატი, ტროპიკული ხილის ტონები, მაღალი ალკოჰოლის შემცველობა და მჟავიანობა. ქართული ღვინის კომპანიები ამზადებენ ევროპული ტიპისა და ქვევრის ღვინოს.

კახური წამყვანი ჯიშებს შორის მწვანე ყველაზე ნაკლებად უძლებს ნაცარს, ხოლო ვაზის ჭრაქს – უკეთესად. საშუალო ზრდის სიძლიერის ჯიშია. ფართოდაა გავრცელებული საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.