გრძელმტევანა


გრძელმტევანა


გრძელმტევანა ნაკლებად გავრცელებული პერსპექტიული ვაზის ჯიშია, იგი იძლევა მაღალი ხარისხის სუფრის თეთრ ღვინოს. მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაში გრძელმტევანა ცნობილია ტყის ვაზის სახელწოდებით. გრძელმტევანა პირველად გამოვლინდა საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების ექსპედიციური შესწავლ-შეგროვების დროს _ 1933 წელს. იგი აღწერილია ტყის ვაზის სახელწოდებით სოფ. ბოდბისხევში (სიღნაღის რ-ნი) მ. ციბუკაშვილის საკარმიდამო ნაკვეთზე.

გრძელმტევანა საშუალო მოსავლიანი ვაზის ჯიშია. მისგან მზადდება სუფრის ღვინო, ნაწილობრივ იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის სასუფრე ყურძენი.