გორული მწვანე


გორული მწვანე


საქართველოში გავრცელებულ თეთრყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის მწვანე ფართოდ ცნობილი სახელწოდებაა. ასე მაგალითად, კახეთის რაიონებში ცნობილია მწვანე და ნაბადა მწვანე; ქართლში _ გორული მწვანე, მწვანე, ჯიშიანი მწვანე და ლურჯი მწვანე; მესხეთში _ საფარის მწვანე; იმერეთში _ოკრიბული მწვანე; რაჭაში _ მწვანე; გურიასა და აჭარაში _ მწვანე და მწვანა და შავშეთ-კლარჯეთში _ მწვანურა. როგორც ჩანს, საქართველოს თითქმის ყველა რაიონშია `მწვანე~ გავრცელებული, მაგრამ დასახელებული ჯიშები თავიანთი ამპელოგრაფიული ნიშნებით და სამეურნეო თვისებებით მკვეთრად განსხვავდებიან, რის გამოც ურთიერთისაგან გარჩევის მიზნით თითოეულ მათგანს ქართველმა მევენახემ კუთხისა ან მხარის დამატებითი სახელიც კი შეარქვა (კახური მწვანე, საფარის მწვანე, ოკრიბული მწვანე, რაჭული მწვანე და სხვ.).

აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ზემოთ აღნიშნულ მწვანის ჯიშის წარმომადგენლებისათვის სამართლიანად შეურქმევიათ მარცვლის ფერის ამსახველი სახელი, რადგან სრული მწიფობის პერიოდში ამ ჯიშის ვაზის ყურძენი, განსაკუთრებით დაჩრდილულ ადგილებში, იფერება მუქ ან ღია მწვანედ. კერძოდ ქართლის თეთრყურძნიან ჯიშებს შოროის გორული მწვანე ძველთაგანვეა ცნობილი, როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში, რის გამოც იგი ამ მხარისათვის სამართლიანადაა მიჩნეული ძირითად სტანდარტულ ჯიშად. იგი გამოიყენება მაღალი ხარისხის სუფრის და ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. ღვინო ღია ჩალისფერია, ნაზი, საკმაოდ სხეულიანი, ჰარმონიული, ევროპული სტილის სუფრის ღვინისათვის დამახასიათებელი სასიამოვნო გემური თვისებებით. საქართველოს ღვინის კომპანიები ასხავენ გორული მწვანის ჯიშურ ღვინოს, რომელსაც თაფლისა და ველური ყვავილების მიმზიდველი სურნელი აქვს.

ზამთრის ყინვებს კარგად უძლებს. ახასიათებს საკმაო ყვავილცვენა და წვრილმარცვლიანობა. მგრძნობიარეა ჭრაქის მიმართ, ნაცრის მიმართ შედარებით გამძლეა.