ჩხავერი


ჩხავერი


გურიის აბორიგენულ ვაზის ჯიშებს შორის ჩხავერი ძველთაგანვე ცნობილია, როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში. აღმოსავლეთ გურიის ზოგიერთ სოფელში (ხიდისთავი, იანოული, ბურნათი, საჭამიასერი) ჩხავერი ცნობილია აგრეთვე “ჩხაველის”- სახელწოდებით.

ჩხავერი მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ჯიშია სუფრისა და ცქრიალა ღვინოების მისაღებად. ჩხავერის ღვინო ღია ვარდისფერია, ნაზი და ჰარმონიული, დამახასიათებელი ჯიშური არომატით, ალკოჰოლსა და სიმჟავის ნორმალური თანაფარდობით, ატმისა და თეთრი ხილის სურნელებით, სადაც სიტკბო და სირბილე სასიოამოვნო სიმჟავეს ერწყმის. ალკოჰოლის შემცველობაა 11-12%.

ადვილად ავადდება ჭრაქითა და ნაცრით. ყურძენი მწიფდება ნოემბრის პირველ ნახევარში – მიეკუთვნება ძლიან საგვიანო სიმწიფის ჯგუფს. რქა სრულად მწიფდება. ვაზზე დატოვებული ყურძენი დაუჭკნობლად ძლებს დეკემბრამდე, დაკრეფილი კი ადრე გაზაფხულამდე ინახება. საუკეთესო ჩხავერი დგება სოფლებში საჭამიასერი, ბუკისციხე, ასკანა, ბახვი, ოცხანა, შემოქმედი (ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები) და სხვ. წარმოადგენს ლოკალურად გავრცელებულ ჯიშს.