ჩინური


ჩინური


საქართველოს ისტორიული ცნობილ თეთრყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის ჩინური განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, როგორც ხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე და ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნის ჯიში. თავისი ბოტანიკურ_ბიოლოგიური ნიშან_თვისებით ჩინური ქართლის ვაზის ჯიშთა ჯგუფს განეკუთვნება და ამ მხარის თეთრყურძნიან ჯიშებს შორის როგორც ძირითად სტანდარტულ ასორტიმენტს სამართლიანად უჭირავს წამყვანი ადგილი.

ჩინური გამოყენებულია მაღალხარისხოვანი სუფრისა და ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. სუფრის ღვინო – ღია მოჩალისფროა, მეტად სუფთა, გემოთი რბილი, ნაზი, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური თანაფარდობით. ცქრიალა ღვინო – მოჩალისფრო, მეტად სუფთა, სასიამოვნო სირბილის და ხალისიანი მჟავიანობით. განსაკუთრებით სახელგანთქმულია ჩინურის მონაწილეობით დაყენებული „ატენური“ ღვინო. ქართული ღვინის კომპანიები ამზადებს ტიპურ ცქრიალა და ტრადიციულ ქვევრის ღვინოებს.

სოკოვან დაავადებათა, განსაკუთრებით ნაცრის მიმართ, საკმაო გამძლეობას იჩენს. საშუალო ან ძლიერი ზრდის სიძლიერის. ეკოლოგიური პირობების მიმართ არ იჩენს დიდ მგრძნობელობას. ადვილად ეგუება როგორც გრძელ, ისე მოკლე სხვლას. გამოიყენება სასუფრე ყურძნადაც.