ბუდეშური წითელი


ბუდეშური წითელი


წითელი ბუდეშური ადგილობრივი, იშვიათად გავრცელებული, მაგრამ პერსპექტიული ვაზის ჯიშია, იძლევა კარგი ღირსების სასუფრე ყურძენს. მოსახლეობაში წითელი ბუდეშური ცნობილია აგრეთვე შავი ბუდეშურის სახელწოდებითაც. წითელი ბუდეშური ადგილობრივი ვაზის ჯიშია, იგი წარმოშობილია კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოქმნის ადგილობრივი კერიდან.

აღმოსავლეთ საქართველოს სასუფრე ყურძნის ჯიშებიდან იგი საგრძნობლად გამოირჩევა მტევნების ლამაზი გარეგნული შეხედულებით. მისგან წარმოებული ღვინო ხასიათდება ჰარმონიული გემოთი და სასიამოვნო არომატით. მიეკუთვნება საშუალო სიმწიფის პერიოდის სასუფრე ჯიშების ჯგუფს. რქის მომწიფება კარგი. ზრდის სიძლიერე საშუალოზე მეტი. გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ დამაკმაყოფილებელია. ზამთრის ყინვებისა და გვალვის მიმართ წითელი ბუდეშური საშუალო გამძლეობით ხასიათდება.