ბაზალეთური


ბაზალეთური


ბაზალეთური ადგილობრივი, ნაკლებად გავრცელებული ვაზის ჯიშია, კერძოდ იმერეთიდან, იგი იძლევა ხარისხოვან სუფრის თეთრ და ცქრიალა ღვინოს. ბაზალეთურის სინონიმებია, ბაზალეთური ცოლიკოური და მწვანე ცოლიკოური.

სუფრის თეთრი ღვინო, ბაცი ყვითელი ფერის,  ხილის არომატით, ნაზი, საკმაოდ სრული, სასიამოვნო, ცოცხალი გემოებით ხასიათდება. ცქრიალა ღვინო – ჩალისფერი, ნაზი ჯიშური არომატით, მაღალი, მაგრამ სასიამოვნო მჟავიანობით და ხარისხიანი შუშხუნით გამოირჩევა. სუფრისა და ცქრიალა ღვინოები დაძველებით უმჯობესდება, მაღალი მჟავიანობა მცირდება და ღვინო ხდება რბილი და ჰარმონიული, კარგი ბუკეტით.

ბაზალეთურს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და კარგი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. ნაკლებად ავადდება სოკოვანი დაავადებებით. დასავლეთ საქართველოს ჯიშებს შორის გამოირჩევა ყინვა- და გვალვაგამძლეობით.