მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში 2022


მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში 2022


საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც უმასპინძლა მერანოს ღვინის ფესტივალს, იტალიის ფარგლებს გარეთ. ფესტივალი იქნება ყოველწლიური, რაც უფრო მეტად დაეხმარება ქართული ღვინისა და კულინარიის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო პლატფორმებზე. 2022 წლის 19 ივნისს, ფესტივალი ისტორიულ ადგილას, შატო მუხრანში, ჩატარდა. ფესტივალზე დასასწრებად საქართველოს, მერანოს ღვინის ფესტივალის პრეზიდენტი და დამფუძნებელი ჰელმუტ კოჰერი, იტალიის სომელიეთა ასოციაციის წარმომადგენელი გიდო ინვერნიცი და ღვინის ჟურნალისტი და იტალიის კამპანიას რეგიონის კონსულტანტი დანტე დელვეკიო ესტუმრნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სპეციალურად მოწვეული სტუმრები, სამინისტროების,დიპლომატიური კორპუსის და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოს ასევე ეწვია ნეაპოლეტანური სამზარეულოს შეფ-მზარეული ანტონიო ტუბელი. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ წარმოდგენილი ღვინო და გასტრონომიული პროდუქტები. ღონისძიების ფარგლებში ფესტივალის სტუმრებისთვის გაიმართა როგორც იტალიელი შეფ-მზარეულის ასევე ქართული კულინარიის წარმომადგენლების მასტერკლასები, სემინარები, იტალიური და ადგილობრივი ღვინოების დეგუსტაცია. ფესტივალისთვის სპეციალურად იტალიიდან მოხდა 120 ბოთლი იტალიური ღვინის ტრანსპორტირება. შატო მუხრანის XIX საუკუნის აღდგენილ სასახლეში პროფესიონალური კულინარიული მასტერკლასები ჩაატარეს სპეციალურად მოწვეულმა იტალიელმა შეფ-მზარეულმა, მაესტრო ანტონიო ტუბელიმ და შატო მუხრანის შეფ-მზარეულმა ალექსანდრე ტატიშვილმა. ფესტივალზე დასასწრებად გაიყიდა ბილეთები როგორც წინასწარ, ასევე ადგილზე.  ფესტივალში მონაწილეობდა 70-მდე კომპანია. მერანოს ღვინის ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები იყვნენ : ასოციაცია „ქართული ღვინო“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, მერანოს ღვინის ფესტივალი, ვაინ ჰანტერი. ღონისძიების მთავარი პარტნიორი გახლდათ შატო მუხრანი.