„ბერების ღვინო Since 1011-დან“ ალავერდის მონასტრის მარნის ათასწლოვანი ბრენდია, რომელსაც მონასტრის ძმობა კახური ენდემური ვაზის ჯიშებისგან თიხის უნიკალურ ჭურჭელში, ქვევრში აყენებს. ალავერდის სამეფო მონასტერი, რომლის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, ქვევრებით და მარნით ოდითგან ცნობილია. მონასტერი კახეთში, კავკასიონის მთების ძირში, მდინარე ალაზნის დასავლეთით ნაყოფიერ ველზე მდებარეობს.
ჯერ კიდევ VIII საუკუნეში აქ სხვადასხვა ზომის ქვევრებით გაწყობილი მარანი ფუნქციონირებდა. არქეოლოგებმა ამ უძველესი მარნის ნაშთი მონასტრის ეზოში აღმოაჩინეს. XI საუკუნეში კი მეფე კვირიკე დიდმა ალავერდის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძართან ერთად სამეფო მონასტრისთვის შესაფერისი დიდი მარანი ააგო.
აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2006 წლიდან განახლებული მარანი ამოქმედდა. ამჟამად მარანი ადგილობრივი, კახური ყურძნის ჯიშებისგან შვიდი სახეობის ღვინოს აწარმოებს. ეს ღვინოები გამოირჩევა განსაკუთრებულად მდიდარი ჯიშური არომატებით, ხავერდოვანი გემოთი, მაღალი ანტიოქსიდანტური და სხვა სამკურნალო თვისებებით.