2018

ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2018 წლის 15-16 დეკემბერს საქართველოში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საფერავის, როგორც წამყვანი ქართული ვაზის ჯიშის,  და მისგან წარმოებული  მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლებას მთელს მსოფლიოში.

კონკურსზე წარდგენილი იყო 87 როგორც დიდი მწარმოებლის, ასევე მცირე და საშუალო საოჯახო მარნების 200-მდე ღვინის ნიმუში, რომლებიც ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ გასინჯა და შეაფასა. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი, ენდრიუ ჯეფორდი იყო.

კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი მწარმოებლები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო.

საფერავი უძველესი ქართული ვაზის ჯიშია. იგი ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია ვაზის წითელი ჯიშების მსოფლიო ასორტიმენტისა. მაღალი ხარისხობრივი და უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე საფერავის ჯიშის ყურძენი გაშენებულია არაერთ ქვეყანაში და მისგან  მაღალი ხარისხის ღვინოები იწარმოება.