საფერავი


საფერავი


საფერავი საქართველოს სტანდარტული, ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია, იგი ერთ_ერთი საუკეთესო წარმომადგენელია ვაზის წითელი ჯიშების მსოფლიო ასორტიმენტისა. განსაკუთრებით მაღალი ღირსების სუფრის წითელ ღვინოს საფერავი იძლევა თავის სამშობლოში, კახეთში.

საუკეთესო მასალას იძლევა ყველა ტიპის ღვინისათვის. მას აქვს ინტენსიური მუქი ბროწეულის ფერი, ზომიერი სიმაგრე, ენერგია, სისრულე და სიხალისე, აგრეთვე თავისებური ჯიშური არომატი და ძლიერი ბუკეტი. შედარებით უფრო რბილი, სრულ ჰარმონიული, ხავერდოვანი ღვინოები დგება ალაზნის მარცხენა მხარეს, კავკასიონის მთისწინა ზოლში, საშუალო ჩონჩხიან ალუვიურ-კარბონატულ და ალუვიურ- არაკარბონატულ ნიადაგებზე. ადგილობრივი, კახური ტიპის საუკეთესო, სხეულით მეტად მდიდარ, სრულ წითელ ღვინოებს საფერავი იძლევა სოფლების კარდანახისა და ბაკურციხის მიდამოებში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) ძირითადად ყავისფერ და მუქ ყავისფერ ტყის ნიადაგებზე.

ჭრაქსა და ნაცარს საფერავი შედარებით კარგად უძლებს. ფილოქსერის მიმართ სუსტ გამძლეობას ამჟღავნებს და პირველ რიგში მისგან ზიანდება. ახასიათებს მიდრეკილება ჭარბი ყვავილცვენისაკენ. ყინვას შედარებით კარგად უძლებს, თუმცა რქაწითელთან და მწვანე კახურთან შედარებით ნაკლებ ყინვაგამძლეა.