რქაწითელი


რქაწითელი


რქაწითელი საქართველოს სტანდარტული, ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია. ყველაზე დიდი ფართობი მას კახეთში უჭირავს. იძლევა მაღალხარისხოვან ევროპულ და კახური ტიპის სუფრის თეთრ ღვინოს, მაგარ და სადესერტო ღვინომასალას და ადგილობრივ მნიშვნელობის კარგი ღირსების სუფრის ყურძენს.

მარცვლის სასურველი წვნიანობა, წვენის მაღალი შაქრიანობა, საკმაო მჟავიანობა და სასიამოვნო არომატი განაპირობებს რქაწითლის ძირითად გამოყენებას სუფრის ღვინოების დასაყენებლდ. ღვინოს ახასიათებს თავისებური ხილის ბუკეტი, სინაზე, სიმსუბუქე, ჰარმონიულობა და სასიამოვნო გემო. კახეთის სხვადასხვა კუთხეში რქაწითლისაგან სხვადასხვა ტიპის ღვინოები მიიღება: ევროპული ტიპის ღვინოებიდან გამორჩეულია კონდოლის, წინანდლის, კისისიხევის, ქვემო ხოდაშნის, ვაზისუბნის და მუკუზნის თეთრი სუფრის ღვინოები – ცნობილი ღვინოა ადგილწარმოშობის კონტროლირებადი დასახელების „წინანდალი“, სადაც რქაწითელი კახურ მწვანესთან ერთად მონაწილეობს (75% რქაწითელი + 15% მწვანე კახური). საუკეთესოა ქვევრში დაყენებული რქაწითლის ღვინოები გურჯაანიდან, სიღნაღიდან და სხვა რაიონების ადგილებიდან.

სოკოვან დაავადებათა მიმართ დამაკმაყოფილებელი გამძლეობისაა – ჩვეულებრივ, იგი ჭრაქს უკეთ უძლებს, ვიდრე ნაცარს. ზამთრის ყინვებს უდავოდ კარგად იტანს. ახასიათებს გარემო პირობებისადმი შეგუების კარგი უნარი. ყურძენს სასუფრე ყურძნადაც იყენებენ. იძლევა მაღალი ღირსების უალკოჰოლო წვენს. გამოვლენილია რქაწითლის ვარდისფერმარცვლიანი ვარიაცია, რომელიც 1948 წელს იქნა აღმოჩენილი ვ. ლოლაძის მიერ.