ტოკიოში გამოფენა „საქართველო-ღვინის სამშობლო“ გაიხსნა


ტოკიოში გამოფენა „საქართველო-ღვინის სამშობლო“ გაიხსნა


იაპონიის დედაქალაქი ტოკიო ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილ გამოფენას „საქართველო – ღვინის სამშობლო“მასპინძლობს.

მთავარობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ექსპოზიცია საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, დღეს ოფიციალურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გახსნა.

გამოფენა, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია ქართული ღვინის მრავალათასწლოვანი კულტურის წარმოჩენაზე, უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს.

პროექტში იაპონელი პარტნიორების მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა უახლესი ტექნოლოგიის Warpqsuare-ის გამოყენებით ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცოცხლება, რაც დამთვალიერებელს ინტერაქციის დახმარებით უძველესი ღვინის სამშობლოში მოგზაურობის საშუალებას აძლევს.

პროექტი  “საქართველო – ღვინის სამშობლო”, გამოფენასთან ერთად, ქართული ღვინის წარმოშობისა და უნიკალურობის შესახებ მსოფლიოში ცნობილი  სპეციალისტების სემინარებს, დეგუსტაციას, „ქართული სუფრის“ მასტერკლასებსა და კულტურულ პროგრამას მოიცავს.

ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია ტოკიოში, საგამოფენო ცენტრ Terrada Warehouse-ში 7 მაისამდე გაგრძელდება.

პროექტის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ განხორციელება 2017 წელს, საფრანგეთის ქალაქბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციისცენტრიდან დაიწყო და მეცნიერულ კვლევას მიეძღვნა, რომლის შედეგად, სამეცნიერო საზოგადოებამ საქართველო ღვინის სამშობლოდ აღიარა.

https://imedinews.ge/ge/ekonomika/99733/tokioshi-gamopena-saqartvelogvinis-samshoblo-gaikhsna