ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი


ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი


2017 წლის 3 სექტემბერს იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიაში, ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით, ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, ღვინის ექსპერტები, მაგისტრები და სომელიეები.

ღონისძიების ორგანიზატორები და მხარდაჭერები იყვნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ასოციაცია „ქართული ღვინო“ და ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი. ალავერდელი მიტროპოლიტ დავითის თქმით, სიმპოზიუმი მნიშვნელოვანია მეღვინე-მეწარმეებისათვის და მათი საქმის პოპულარიზაციისთვის.

„2011 წლიდან მოყოლებული ერთი წლის გამოშვებით ტარდება ქვევრის ღვინის საერთაშორისო სომპოზიური, სადაც ქართველებთან ერთად, უცხოელებიც იღებენ მონაწილეობას. წლევანდელი სიმპოზიუმი იმითაა გამორჩეული, რომ პირველად გაიმართა ქვევრის ღვინის კონკურსი. ვიმედოვნებ, მომავალში ასეთმა მიდგომამ, შეიძლება შექმნას საფუძველი, რომ სიმპოზიუმი და ქვევრის ღვინის კონკურსი, ევროპის ცნობილ მეღვინე ქვეყნებშიც ჩატარდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თემისთვის, მეღვინე-მეწარმეებისთვის და მეთუნე-მექვევრეებისთვის.“

სიმპოზიუმის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდა ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსი, მასში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და უცხოელი მეღვინეები. ასოციაცია „ქართული ღვინის“ დირექტორის თინა კეზელის განმარტებით, ღვინოები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი, ბორდოში გაიგზავნება.

„პირველმა სიმპოზიუმმა შედეგად მოიტანა ის, რომ ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი აღიარებულ იქნა იუნესკოს მიერ. ამის შედეგია ისიც, რომ ბორდოში მიმდინარეობს საქართველოს გამოფენა სახელწოდებით – „საქართველო – ღვინის აკვანი“. კონკურსში გამარჯვებული ღვინოები გაიგზავნება ბორდოში დეგუსტაციაზე, სადაც ქართული ღვინის კულტურას ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი წარადგენს. საგამოფენო სივრცეში 4 თვის განმავლობაში მუდმივად ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება: სამეცნიერო კონფერენციები, პრეზენტაციები, ღვინის პროფესიული დეგუსტაციები, რომლებსაც მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები წარუძღვებიან.”

„სიმპოზიუმზე განიხილეს, ის სტრატეგია და მიმართულებები, როგორ უნდა განვითარდეს ქვევრის ღვინო. მოგეხსენებათ, ქვევრის ღვინო მარტო კახეთში კი არა, მთელი საქართველოს მასშტაბით იწარმოება. ზოგადად, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდამ განაპირობა ის, რომ საფრანგეთში ბორდოში, ანუ ფაქტობრივად მეღვინეობის დედაქალაქში, ყველაზე მნიშვნელოვან ღვინის მუზეუმში, პირველი მიწვეული უცხო ქვეყანა საქართველოა. იქ ყოველდღიურად რამდენიმე ასეული სტუმარი ეცნობა ინფორმაციას ქართული მეღვინეობის შესახებ. გამოფენა 31 ივლისს გაიხსნა და მანპინძლების თხოვნით, ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. “

ორი დღის განმავლობაში პროფესიონალებმა 150 ღვინის ქართული და უცხოური ნიმუში დააგემოვნეს. 150 ნიმუშიდან 22-მა ოქროს, 20- მა ვერცხლის და ოცდაცხრამ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

სიმპოზიუმის ორგანიზატორები და მხარდაჭერები არიან : საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ასოციაცია ,,ქართული ღვინო“ და ალავერდელს მიტროპოლიტი დავითი.

იხილეთ ასევე

თეგები :

  • ქვევრი
  • ქართული
  • ღვინო
  • ისტორია