წინანდალში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოება გაიმართა


წინანდალში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოება გაიმართა


საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების ცერემონია წინანდალში, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ გაიმართა.

კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებსა და მცირე მარნებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს დიპლომები გადაეცათ. კონკურსის ფარგლებში, დაჯილდოვდნენ საქართველოს დამსახურებული მეღვინეებიც.

ღონისძიების სტუმრებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავიტაშვილმა მიმართა. მინისტრის განცხადებით, საფერავის საერთაშორისო კონკურსის მიზანია საფერავის, როგორც წამყვანი ქართული ვაზის ჯიშის და მისგან წარმოებული მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლება მთელ მსოფლიოში.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციის დასაწყისი. საფერავი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქართულ მეღვინეობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საფერავი გახდება ლიდერი ქართული ღვინის ახალ ბაზრებზე. სწორედ ამ ჯიშის და მისგან დამზადებული ღვინოების პოპულარიზაცია არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რაშიც საფერავის საერთაშორისო კონკურსი დიდ წვლილს შეიტანს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა

კონკურსის ფარგლებში მინისტრმა დამსახურებული მეღვინეები დააჯილდოვა. წელს ეს წოდება მერაბ მიქაშავიძემ, თეიმურაზ გონჯილაშვილმა, დავით მაისურაძემ, გიორგი დაქიშვილმა და დავით მაღრაძემ მიიღეს.

ასოციაცია „ქართული ღვინოს“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი გასული წლის 15-16 დეკემბერს თბილისში გაიმართა. კონკურსში მონაწილეობას ადგილობრივი და უცხოელი მწარმოებლები იღებდნენ. გამარჯვებულები უცხოელი და ქართველი ღვინის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. კონკურსზე 87 კომპანიის 200-მდე ნიმუში იყო წარმოდგენილი. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი, ენდრიუ ჯეფორდი იყო.

იხილეთ ასევე

თეგები :

  • ქვევრი
  • ქართული
  • ღვინო
  • ისტორია